ახალი ამბები

ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ფართობი ევროპულ სტანდარტს 7-ჯერ ჩამოუვარდება თბილისში – გენგეგმა

19 ივლისი, 2017 • 5217
ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ფართობი ევროპულ სტანდარტს 7-ჯერ ჩამოუვარდება თბილისში – გენგეგმა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის ხელმძღვანელობამ მიზნად უნდა დაისახოს, რომ 2030 წლისთვის თითოეულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის ფართობი 10 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდოს.

გეგმის ავტორები საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას. ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს თბილისის ურბანიზებულ ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა.

მწვანე საფარი თბილისში

გენგეგმის მიხედვით, საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ სულ მოსახლეზე 20 კვ.მ. გამწვანების არსებობას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა.

“მიმდინარე ეტაპზე, გენერალური გეგმის შესასრულებელ რეალისტურ ნიშნულად მიგვაჩნია ერთ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ.მ. ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტა, სულ მცირე, სამჯერ გაზრდის საერთო სარგებლობის ღია, ურბანული გამწვანებული სივრცეების ფართობს”, – წერია გენგეგმაში.

ავტორების გათვლით, 2030 წლისთვის ქალაქი მიიღებს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას ნაშენი თბილისის ფარგლებში, რომელთაგან პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით არსებული ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490 ჰა განთავსდება.

გენგეგმის ავტორების მიხედვით, თბილისის 33 უბნიდან მხოლოდ 9-ს აქვს წვდომა სხვადასხვა გამწვანებულ ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი