ახალი ამბები

სააკაშვილი : საუბარია ჩემს პირად დასჯაზე, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

13 აპრილი, 2013 • • 1007
სააკაშვილი : საუბარია ჩემს პირად დასჯაზე, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნახევრად ოკუპირებული ქვეყნის ხელმძღვანელი [ბიძინა ივანიშვილი] იმეორებს ზუსტად იმ ტექსტს, რომელსაც ყვება თავად ოკუპანტი:

 

“ორი დღის წინ საქართველოს არჩეულმა პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ დაიწყება აგვისტოს ომის გამოძიება და უკვე გამოიტანა ვერდიქტი, რომ ჩემმა მთავრობამ დაიწყო ომი  და ქვეყანა, რომელშიც შემოიჭრა უცხო ქვეყნის ჯარი, არის დამნაშავე.  ცოტა ხნის წინ გადავიკითხე წიგნი “პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს” და წარმოიდგინეთ, რომ გერმანიის შემოჭრის შემდეგ პოლონეთის მთავრობას გაეკეთებინა მსგავსი განცხადება; რა თქმა უნდა,  გერმანია ამბობდა, რომ პოლონეთი იყო პირველი, რომელიც შეიჭრა, საბჭოთა კავშირი კი ფინეთს ადანაშაულებდა. პოლონელები იყვნენ აგრესიის მსხვერპლნი და მათ პასუხი აუცილებლად უნდა გაეცათ და წარმოიდგინეთ, რომ 1939 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ პოლონეთის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს ამ შემთხვევაში კი მთავრობის ხელმძღვანელს ეთქვა, ჩვენ ვართ დამნაშავე და ჩვენ მოვუწყვეთ პროვოკაცია საბჭოთა კავშირს, დიახ, ჩვენ შევიჭერით გერმანიაში და ჩვენ უნდა დავსაჯოთ ყველა, ვინც ეს გააკეთა. ძალიან დიდი ბოდიში, ეს ხომ სასაცილოა.  სასაცილოა იმის გამო, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. ეს არ არის სასაცილო ჩემთვის, ვინაიდან ეს ხდება ჩემს ქვეყანაში. ეს არის დემოკრატიული კოაბიტაციის ნაწილი. რა თქმა უნდა, საუბარია ჩემს პირად დასჯაზე, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. საქმე ეხება ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნახევრად ოკუპირებული ქვეყნის ხელმძღვანელი, რორმელსაც ჰყავს ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, იმეორებს ზუსტად იმ ტექსტს, რომელსაც ყვება თავად ოკუპანტი” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პოლონეთში ევროპის კოლეჯის სტუდენტებთან  შეხვდრისას გააკეთა.  მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის გამოძიების საკითხს 12 აპრილსაც შეეხო. 

 

მე არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!“ –  განაცხადა მან. 

 

სააკაშვილის თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული არც ერთ ოფიციალურ პირს, გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი