ახალი ამბები

საზმაუში საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა

19 ივლისი, 2017 • 10260
საზმაუში საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა

საზოგადოებრივ მაუწყებელს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც გუშინ გიორგი ფუტკარაძემ დატოვა, აღარ ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ განუცხადა.

ია ანთაძის განმარტებით, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ჰორიზონტალური მართვის იმ კონცეფციით, რომელზეც საზოგადოებრივი 17 ივლისიდან ოფიციალურად გადავიდა, ეს თანამდებობა გათვალისიწნებული საერთოდ არ არის.

“იმიტომ, რომ ჰორიზონტალური ხდება [პროცესი] და ახალი და მიმდინარე ამბების მთელ ბლოკს სუპერდესკი მართავს. სუპერდესკზე მიიღება გადაწყვეტილებები, მათ შორის ნიუსრუმთან დაკავშირებითაც”, – ამბობს ია ანთაძე.

ანთაძის თქმით, ამ კონცეფციის მიხედვით ფუტკარაძე მულტიმედიის რედაქტორის პოზიციას იკავებდა, ახლა ამ საქმიანობას ირაკლი აბსანძე შეითავსებს, რომელიც ასევე სუპერდესკის წევრია.

“ასე რომ, ისეთი თანამდებობა, როგორიც არის ნიუსრუმის ხელმძღავანელი, აღარ იქნება”.

ანთაძის თქმით, ამჟამად სუპერდესკს 6 წევრი ჰყავს:

  • გიორგი გვიმრაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი
  • მიშა ნადირაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ტექნიკური უზრუნველყოფა
  • ირაკლი აბსანძე – მულტიმედიის რედაქტორი
  • ეკა შონია – დაგეგმვის რედაქტორი
  • თამარ კაციტაძე – ვებგვერდის რედაქტორი
  • ია ანთაძე – მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი

“მე ვარ უშუალოდ გენდირექტორის მიერ გამოგზავნილი, რომ სანამ ახალ კონცეფციაზე საბოლოოდ გადავალთ… მანამდე აქ ვარ და მეც ვარ ჩართული”, – გვითხრა ანთაძემ.

ია ანთაძე ამბობს, რომ სუპერდესკი დღეში ორჯერ თათბირობს და დეტალურად განიხილავს, გეგმავს ყველა სიუჟეტს, რომელიც მაუწყბელის ეთერში იმ და მომდევნო დღეს გადის. მისი თქმით, ამ პროცესში ბლოკის სხვადასხვა მიმართლების ხელმძღვანელიც მონაწილეობს, სპორტის, რადიოს და ა.შ.

გიორგი ფუტკარაძემ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ მაუწყებლის დატოვების შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი გამოწვევბის დრო დგება:

“დღეს, ბევრი ფიქრის შემდეგ, ჩემთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე. ვტოვებ პირველი არხის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს. ამ არხთან და ჩემს კოლეგებთან, ძველებთან თუ ახლებთან, ბევრი საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე სამუშაო დღეები და ღამეები მაკავშირებს, მადლობა მათ შრომისთვის, ერთგულებისთვის. დღეს ამ გუნდს დავემშვიდობე, წარმატებები მათ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა”, – წერს ფუტკარაძე.

ია ანთაძეს ვკითხეთ, ფუტკარაძის წასვლის გადაწყვეტილებაში ხომ არ ფიგურირებდა მის მიერ ნახსენები სტრუქტურული ცვლილებები? მანამდე ანთაძემ გვითხრა, რომ ახალ კონცეფციით საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა და  ფუტკარაძე მულტიმედიის რედაქტორი უნდა ყოფილიყო.

“ეტყობა ვერ შევთავაზეთ ჩვენ ისეთი, რაც სხვებმა შესთავაზეს. დანარჩენს თვითონ მოყვება, ალბათ. ჩვენ შევთავაზეთ სული გული და სიყვარული, ნდობა და ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო. დიდად ვაფასებდით მის შრომას და იმას, რომ მოამბე არის ის საინფორმაციო პროგრამა, რომელსაც ძალიან მაღალი ნდობა აქვს. ამაში მისი წვლილი დიდია. მაგრამ ის, რომ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი იმართება ჰორიზონტალურად და ამიერიდან ასე იქნება ყოველთვის… ჩვენ ეს კონცეფცია დაგვხვდა, როდესაც აქ მოვედით და მათ ხელში მომზადდა ეს”, – ამბობს ანთაძე და ფუტკარაძეს წარმატებებს უსურვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი