ახალი ამბები

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების განცხადებები ოკუპაციის წინააღმდეგ [ფოტო]

19 ივლისი, 2017 • 3046
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების განცხადებები ოკუპაციის წინააღმდეგ [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვული და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. მათ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს და მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ გამყოფ ხაზთან მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის სახელით მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

“ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსი, და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ,” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ საოკუპაციო ხაზთან.

გორგი მარგველაშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციას არ შეეგუება:

“დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან.
მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი, ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა, დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები და იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში – გარდა რუსეთისა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი