ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: სამხედრო აღლუმი საბჭოთა გადმონაშთია

12 აპრილი, 2013 • 1136
პაატა ზაქარეიშვილი: სამხედრო აღლუმი საბჭოთა გადმონაშთია

როგორც ცნობილია, 1991 წლიდან საქართველოში სამხედრო აღლუმი ყოველი წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ტარდებოდა, თუმცა წელს, შესაძლოა, ქვეყანამ ეს დღე სამხედრო მარშის გარეშე იზეიმოს. პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველოს სამხედრო ძალის დემონსტრირება და ამ მიზნით აღლუმის ჩატარება არ სჭირდება.


პრემიერის მოსაზრებას ზაქარეიშვილიც იზიარებს.


პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

“სამხედრო აღლუმი არის საბჭოთა გადმონაშთი…  აღლუმს ძალის დემონსტრირების მიზნით მხოლოდ რუსეთში ატარებენ”, – განაცხადა მან.


ზაქარეიშვილის თქმით, მასშტაბური სამხედრო აღლუმები ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთშიც ტარდება, თუმა ეს სხვა ტიპის მოვლენაა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მეხანძრეები, ექთნები და სხვა არაძალოვანი პროფილის მქონე პროფესიის ადამიანებიც მონაწილეობენ.


უნდა ჩატარდეს თუ არა თბილისში 26 მაისს აღლუმი? – ეს კითხვა ჟურნალისტებმა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილსაც დაუსვეს. მინისტრის თქმით, სამხედრო ძალები ის ბურჯია, რომელზეც ნებისმიერი სახელმწიფო დგას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავი შესწირეს იმას, რომ “ჩვენ ცივილიზებულ სახელმწიფოდ არსებობა შევძლოთ”.


“ამიტომ ეს სიამაყე უნდა გამოვლინდეს 26 მაისსაც, როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა მან.


26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამაში გარკვეული სამხედრო კომპონენტის ჩართვას მხარს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც უჭერს.


ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაიმართება თუ არა საქართველოში 26 მაისს სამხედრო აღლუმი, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი