ახალი ამბები

ხუციშვილი: უვიზო მიმოსვლით 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 150 – საზღვრიდან დააბრუნეს

19 ივლისი, 2017 • 2871
ხუციშვილი: უვიზო მიმოსვლით 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 150 – საზღვრიდან დააბრუნეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, დაახლოებით 45 000-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, საზღვრიდან უკან დაბრუნებულთა რიცხვი კი 150 ადამიანს არ აღემატება.

“ჩვენ  მაქსიმალურად ვაკონტროლებთ გასული პირების შესახებ მონაცემებს, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან და ის რისკები, რაც ორგანიზებული დანაშაულის ან თუნდაც უკანონო მიგრაციის კუთხით შეიძლება იყოს, მაქსიმალურად მუდმივ კონტროლზეა; თუ რაღაც იქნება სარისკო, ჩვენი მხრიდან ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ პრევენციულად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოსთან და უკვე თვის ბოლოს ვგეგმავთ დამატებით მოლაპარაკებებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც გვაქვს საზღვრის დაცვის სააგენტოსთან, გადაიხედოს და ბევრად უფრო ეფექტურები ვიყოთ მათთან თანამშრომლობის კუთხით,” – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციდშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის წინ.

შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ სამთვიანი ვადის გადაჭარბების მაჩვენებელი დიდ რისკებს არ შეიცავს:

“150 ადამიანი უკან დაბრუნდა საზღვრიდან, დანარჩენი – 45 ათასი ადამიანიდან, ვინც ისარგებლა უვიზო მიმოსვლით, ჩვეულებრივად უკან დაბრუნდა ეს ხალხი. იმ პირების, ვის შესახებაც მონაცემები არ გვაქვს, მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ არ ჩამოვიდა და დაარღვია. ამიტომ, რაც ჩვენ გვაქვს და რასაც მუდმივ მონიტორინგს ვუკეთებთ, ეს ციფრი არ არის საგანგაშო და საეჭვო მაჩვენებელი.”

შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით საქართველო 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება და 90 დღით დარჩენა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში შეუძლიათ, ასევე, რამდენიმე ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი