ახალი ამბები

გაუპატიურების მუქარის საქმეზე “ქართველთა მარშის” წევრები შსს-ში დღეს გამოიკითხებიან

19 ივლისი, 2017 • 2586
გაუპატიურების მუქარის საქმეზე “ქართველთა მარშის” წევრები შსს-ში დღეს გამოიკითხებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო მუქარის ფაქტზე რამდენიმე პირს დღეს, 19 ივლისს გამოკითხავს. საქმე ეხება 16 ივლისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც “ქართველთა მარშის” რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

გამოძიებამ უკვე გამოკითხა თავად თათია დოლიძე.

ქსენოფობიური მსვლელობის, “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ “ფეისბუკით” გაუპატიურების საჯარო მუქარის შესახებ კომენტარები მისი დაწერილია. თუმცა კორკოტაშვილი ამბობს, რომ ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით გამოიყენა და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

“ორ ადამიანს, მეგობარს შორის პრივატულად ლაპარაკი მიდიოდა, შეფასება. მე შეიძლება დავწერე, კიდევ კაი, მოსაკლავია არ დავწერე, ცოტა უზრდელურად დავწერე, ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში… იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ ამას და ამას გიზამ. ორ ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელურიც თუა, გინებით თუ გამოვხატავ, ვისი რა საქმეა? მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არაფერი”,- კორკოტაშვილმა აღნიშნულის შესახებ “ობიექტივის” ეთერით განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი