ახალი ამბები

ივანიშვილისა და მინისტრების შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან

12 აპრილი, 2013 • • 1053
ივანიშვილისა და მინისტრების შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებისთვის განცხადება არ გაუკეთებია. როგორც შეხვედრის დასრულებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ისეთი ფორმატის შემუშავებას, რომელიც უმრავლესობისა და მთავრობის კოორდინაციას უკეთესს გახდის. მინისტრის განამრტებით, არსებობს საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის სათანადო კომუნიკაცია და კავშირი ვერ ხერხდება.

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაახმაურა შრომის კოდექსთან დაკავშირებით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

 

“ჩვენ შევთანხმდით, რომ საპარლამენტო მოსმენების დროს კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს – შრომის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მტკიცებით, შეხვედრაზე საუბარი არ შეხებია 26 მაისის დღესასწაულს და, შესაბამისად, სამხედრო აღლუმის ჩატარება–არჩატარების საკითხს. 

 

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათ ზოგადად მიმოიხილეს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხები. მისივე განამრტებით, დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, ხოლო ის, თუ რაზე იმსჯელეს მათ, მომავალ საპარლამენტო და სამთავრობო საქმიანობაში გამოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი