ქეთი ციხელაშვილი, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი; 2017

ციხელაშვილი “ქართველთა მარშზე”: მიუღებელია ეთნიკური ნიშნით მოტივირებული დემარშები

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ “ქართველთა მარშის” მონაწილეთა მოთხოვნების შინაარსი მისთვის მიუღებელია. მინისტრი ასევე ეხმაურება თათია დოლიძის მიმართ “მარშის” ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ მუქარის შემცველ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს და აცხადებს, რომ ქალის პატივისცემა შეურაცხყოფით არ გამოიხატება.

“მე წარმოვადგენ სამინისტრის, რომელიც სამოქალაქო თანასწორობაზე მუშაობს, რაც პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების თანასწორობას ეთნიკური ნიშნის მიუხედავად. თუმცა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ტრადიციები სტუმართმოყვარეობის, ჩვენ გვაქვს ევროპული სახელმწიფოსკენ მისწრაფება და ვატარებთ რეფორმებს იმისთვის, რომ ვიყოთ მართლაც სამაგალითო ქვეყანა რეგიონში. რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციული, ეთნიკური თუ სხვა რომელიმე ნიშნით მოტივირებული პროტესტი თუ დემარშები. ბუნებრივია, კრიმინალი არის ყველგან და, რა თქმა უნდა, ამაზე არ შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს. კრიმინალი უნდა დაისაჯოს, რადგან მას არ აქვს ეროვნება,” – ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის თქმით, ასევე მიუღებელია გენდერული თავდასხმები და მიიჩნევს, რომ თუკი “ქართველთა მარშის” ორგანიზატორების მხრიდან ადგილი აქვს კრიმინალურ თუ ადმინისტრაციულ გადაცდომას, ეს საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას:

“ქალის პატივისცემა ქალის შეურაცხყოფა არ არის, ამიტომ არ ჯდება ქალის შეურაცხყოფა იმ დეკლარირებულ პოზიციებში, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ “ქართველთა მარშის” მონაწილეებს. მათ აქტივობებთან შეუთავსებელია ქალების შეურაცხყოფა – ეს არ ნიშნავს ქალის პატივისცემას. ეს არის დაუშვებელი და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ხოლო ამ პოზიციას დავაფიქსირებ ყოველთვის.”

16 ივლისს თათია დოლიძეს “ქართველთა მარშის” რადენიმე მონაწილე “ფეისბუკში” ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა, რაზეც საქართველოშ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “მარში”, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა, ქსენოფობიურ შინაარსს ატარებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.