ახალი ამბები

კორკოტაშვილი ამბობს, რომ გაუპატიურების მუქარის კომენტარები “სლენგის” მნიშვნელობით დაწერა

19 ივლისი, 2017 • 6873
კორკოტაშვილი ამბობს, რომ გაუპატიურების მუქარის კომენტარები “სლენგის” მნიშვნელობით დაწერა

ქსენოფობიური მსვლელობის, “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ “ფეისბუკით” გაუპატიურების საჯარო მუქარის შესახებ კომენტარები მისი დაწერილია. თუმცა კორკოტაშვილი ამბობს, რომ ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

“ორ ადამიანს, მეგობარს შორის პრივატულად ლაპარაკი მიდიოდა შეფასება. მე შეიძლება დავწერე, კიდევ კაი, მოსაკლავია არ დავწერე, ცოტა უზრდელურად დავწერე, ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში… იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ ამას და ამას გიზამ. ორ ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელურიც თუა, გინებით თუ გამოვხატავ, ვისი რა საქმეა? მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არაფერი”,- კორკოტაშვილმა აღნიშნულის შესახებ “ობიექტივის” ეთერით განაცხადა.

სქრინი

საქმე ეხება 16 ივლისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც “ქართული მარშის” რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული. “ნეტგაზეთმა”მიმართა შსს-ს შეკითხვით, დაიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში გია კორკოტაშვილი, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. გამოძიებამ უკვე დაკითხა თათია დოლიძე.

გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძის წინააღმდეგ ამავე ეთერით ე.წ. კომპრომატიც” გაავრცელა. ფოტოზე თათია ცხინვალელ ჟურნალისტთან, თემურ ცხურბათთან ერთად არის გადაღებული. ცხურბათი ომის დროს ცხინვალის მხარეს იბრძოდა, თუმცა ამჟამად ქართულ-ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებშია ჩართული.

ცხურბათი სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს “მაესტროს” მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი