ახალი ამბები

ქუთაისის მერს საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა [VIDEO]

12 აპრილი, 2013 • • 1136
ქუთაისის მერს საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა [VIDEO]

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მოქალაქე ბესიკ ლიპარტელიანმა დარბაზში საბჭოთა ჰიმნი ჩართო. ხოლო კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის – გოჩა თევდორაძის კარიკატურა შემოიტანა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და  ქუთაისში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ პარტიაში გადავიდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაემიჯნენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რის შემდეგაც ამ პარტიამ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

 

“ამ პლაკატით ჩემს კოლეგებს მივანიშნე, რომ მათი ქმედება ძალიან ჰგავს იმ ვირთხის ქმედებას, რომელიც მოსალოდნელი საშიშროების დროს ცდილობს პირველმა დატოვოს ჩასაძირად განწირული გემი. თავის გადარჩენის დროს კი მზად არის გაწიროს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ყოფილი თანაგუნდელები”, – განაცხადა ლევან ჭანჭალეიშვილმა

 

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

 

მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს, თუმცა საკრებულომ აღნიშნული წინადადება არ დააკმაყოფილა. საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა გიორგი უკლებამ განაცხადა, რომ ხელისუფლება 19 აპრილის აქციითაა დაშინებული და მერის იმპიჩმენტიც ამასთანაა დაკავშირებული. 

 

საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით იმერეთის გუბერნატორიც გამოვიდა. ვახტანგ ბალავაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი თანაგუნდელები არჩევანს მორალსა და პარტიულ დავალებას შორის აკეთებენ. 

ქუთაისის უკვე ყოფილმა მერმა, ბესიკ ბრეგაძემ მისი გათავისუფლების მიზეზებს უსუსური უწოდა:

 
“დადებითად ვაფასებ ჩემს მუშაობას და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდით მედგა ამ ხნის განმავლობაში. “

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, გაასაჩივრებს თუ არა საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში, ბესიკ ბრეგაძე პასუხობს:

 

“ეგ ჩემი გადასაწყვეტი არაა”.

 

ქუთაისის მერის მოვალეობას დროებით ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიქმნა კომისია, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ქალაქის მერობის მსურველების განცხადებებს მიიღებს და განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი