ახალი ამბები

2040 წლისთვის თბილისში საქალაქო სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება – გენგეგმის ჯგუფი

19 ივლისი, 2017 • 4286
2040 წლისთვის თბილისში საქალაქო სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება – გენგეგმის ჯგუფი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის გაანგარიშებით, დაახლოებით 2040 წლისთვის თბილისში არსებულ სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება.

ეს დასკვნა მომუშავე ჯგუფმა ბოლო 10 წლის მანძილზე თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ფართობის ზრდის ტენდენციაზე დაკვირვების შემდეგ მიიღო.

გენგეგმის პროექტის მიხედვით, დახურული სასაფლაოების შემთხვევაში, სადაც აღარ არის რესურსი, უნდა იფიქრონ ძველი საფლავების ხელმეორედ გამოყენების საკითხზე.

“ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ძველი საფლავების ათვისება, რომელთაც განვლეს კანონით დადგენილი ვადა, რის შემდეგაც ნებადართულია “ზემოდან დაკრძალვა”, – წერია გენგეგმის პროექტში.

გენმეგმის პროექტის მიხედვით, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები სხვადასხვა კულტურით გამოირჩევიან, რაც პირდაპირ აისახება ქალაქის ტერიტორიულ დაგეგმარებაზე. მაგალითად, კათოლიკეებისთვის მიღებულია ნეშტის კრემაცია, თუმცა სასაფლაოების დიდი ნაწილზე მართლმადიდებლური წესით კრძალავენ, რაც დიდ ტერიტორიულ რესურსს მოითხოვს.

თბილისში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ზემოდან დასაფლავება 15 წლის შემდეგ ნებადართულია ჭირისუფალსა და ოპერატორთან შეთანხმებით. გენგეგმის ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ გზით დაიზოგება ქალაქში რესურსი.

გენგეგმის ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ  ყურადღება უნდა მიაქციონ დახურული და ღია სასაფლაოების გამწვანების და მისი პარკად ქცევისა და აღქმის საკითხს. ის არ უნდა იყოს ქალაქისგან მოწყვეტილი ჩაკეტილი სივრცე. იმის მიუხედავად, რომ სასაფლაო განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელია, უნდა დაემატოს რეკრეაციული ფუნქცია და ადვილად მისასვლელი უნდა იყოს მოსახლეობისთვის.

გენგეგმის ჯგუფს ამის მაგალითად მოჰყავს კანონი ბერლინის სასაფლაოების შესახებ, ხოლო თბილისში ამის მაგალითია ვერის პარკი, სადაც 1898 წლამდე სასაფლაო იყო.

ახალი სასაფლაოს გახსნა უნდა ხდებოდეს ძველი სასაფლაოს ტერიტორიული რესურსის ამოწურვის შემდეგ, თუმცა ეს წესი ირღვევა და არის ტენდენცია, როდესაც ახალი სასაფლაო ძველი, დახურული სასაფლაოს გვერდით იხსნება.

გენგეგმის ჯგუფის მიხედვით, დროთა განმავლობაში ისინი ქალაქის საზღვრების შიგნით მოექცნენ. დღეს ხშირია სასაფლაოების ტერიტორიის ქაოტური განაშენიანება.

გენგეგმის ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სტრატეგიის, კონკრეტულად “სასაფლაოს განვითარების გეგმის” შემუშავება, რომლის საშუალებითაც მოწესრიგდება მიტოვებული თუ ახალი სასაფლაოების ინვენტარიზაცია, სასაფლაოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი