ახალი ამბები

ქუთაისის ვიცე-მერი: ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის პანიკური შიში აქვს

12 აპრილი, 2013 • • 1097
ქუთაისის ვიცე-მერი: ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის პანიკური შიში აქვს

ვიცე–მერის ამირან ძოწენიძის თქმით, ისინი მხარს უჭერენ ქალაქის ამჟამინდელ მერს, ბესიკ ბრეგაძეს:

ბრიფინგი ქუთაისის მერიაში
ბრიფინგი ქუთაისის მერიაში

 

“თქვენ თვითონ ნახავთ ამ განცხადებას და წაიკითხავთ, თუ რამდენად ბრიყვები არიან ისინი, ვინც ამ განცხადებას ხელს აწერენ, მათ მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე უკვე აღარაფერს ვამბობ, ამას აქამდეც ხედავდნენ ქუთაისელები და, სამწუხაროდ, ჩვენ მათ გამო წავაგეთ არჩევნები იმიტომ, რომ ასეთი ხალხი იყო ჩვენ გვერდით, ამას ვაღიარებთ. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ რაც იყო იყო”.

 

ძოწენიძის მტკიცებით, თვითმმართველობის წარმოადგენლებს 19 აპრილის აქციაში მონაწილეობას ხელს ვერავინ შეუშლის:

 

“მე პირადად გარწმუნებთ, რომ 19-ში იქ ვიქნები და ბევრი ჩემი მეგობარი იქნება იქ, უფრო მეტი, ვიდრე ამ ყველაფრის დამგეგმავებს ჰქონიათ”.

 

19 აპრილის აქციას უკავშირებს მერის იმპიჩმენტის საკითხს  ქალაქის კიდევ ერთი ვიცე-მერი კოტე რატიანი. მისი მტკიცებით, ქალაქის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი იწერება:

 

“იმის ნაცვლად, რომ დღევანდელმა რიგგარეშე საკრებულომ განიხილოს ინფრასტრუქტურული პროექტები, განიხილოს ის სოციალური პროექტები, რომელიც დღის წესრიგში უდგას ქალაქს, განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ 19 აპრილის საკითხს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პანიკურ შიშთან 19 აპრილის მიმართ. მე, კოტე რატიანი მივდივარ 19 აპრილს, ამ ქვეყნის  დედაქალაქში ჩემი სამშობლოს დასაცავად, მე ვიქნები 19 აპრილს აქციაზე”.

 

დღეს ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე ახლად შექმნილი ფრაქციის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებითაა დაკომპლექტებული, ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი