ახალი ამბები

ძალადობის წინააღმდეგ დღეს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

19 ივლისი, 2017 • 1826
ძალადობის წინააღმდეგ დღეს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

19 ივლისს, 19:00 საათზე თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ დაიწყება და გაიმართება ქალთა სოლიდარობის მარში – აქცია “უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ”.

აქციის ორგანიზატორები ამით ეხმაურებიან რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებულ ე.წ. ქართველთა მარშს, რომელთა წევრებმა ღიად გააკეთეს ფაშისტური, ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები, ხოლო მოგვიანებით ეს განცხადებები გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში.

“ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ, რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე.

ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!

დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს. გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწვეტია”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

✊ დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.

✊ მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

✊ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.

✊ მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

აქციის ორგანიზატორები არიან ქვემოთ მითითებული ორგანიზაციები:

საფარი | ქალები საქართველოდან | ქალთა მზერა | თეთრი ხმაურის მოძრაობა | ქალთა მოძრაობა | ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი | თემიდა | ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი | სამართლიანი არჩევნები | რა მოხდა ქუჩაში | თანასწორობის მოძრაობა | საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო | სამოქალაქო განვითარების სააგენტო | ქალთა ფონდი საქართველოში | საქართველოს ქალთა დეკორატიის ქსელი | HOROOM NIGHTS | ახალგაზრდა მწვანეები

მასალების გადაბეჭდვის წესი