ახალი ამბები

ვადაგასული და უკანონო წამალი საქართველოს ბაზარზე

12 აპრილი, 2013 • 1423
ვადაგასული და უკანონო წამალი საქართველოს ბაზარზე

როგორც რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, I  ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევის 41 ფაქტი, მათ შორის: 39- ავტორიზებულ აფთიაქში; 1 – სამედიცინო დაწესებულებაში და 1- ფიზიკური პირის მიერ.

 

ოფიციალური ინფორმაციით, შემოწმებული დაწესებულებებიდან, 35 შემთხვევაში დაფიქსირდა ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 (2) მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა (მათ შორის 6 განმეორებით);  35  დაწესებულებიდან სათანადო დოკუმენტაციის  (რეცეპტი  ფორმა N2 და მოთხოვნა/მინდობილობის) გარეშე  გაცემულია 6 180 600 ერთეული ფსიქოტროპული ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალება.

 

კონტროლის შედეგად 24 დაწესებულებაში გამოვლინდა აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა (მათ შორის 3 განმეორებით).

 

რაც შეეხება სანქციებს, როგორც რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა განხორციელდა 22 შემთხვევაში. ჩამორთმეული იყო აღრიცხვის წესის დარღვევით არსებული – 22 695 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი; ვადაგასული 105 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე 120 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი.

 

გარდა ამისა, ზემოთ მითითებულ  პერიოდში რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა, ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის   N 176  დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობების  კონტროლი. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 11 ფაქტი.

 

“მასობრივად, შემოწმების შედეგად ერთსა და იმავე დაწესებულებაში ადგილი აქვს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევის  ფაქტის გამოვლენას. შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  დგება კონტროლის ღონისძიებების შედეგად დაფიქსირებული ყველა სამართალდარღვევის გათვალისწინებით, თუმცა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევს სახდელი განესაზღვრება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის.”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დადგენილი წესით განსახილველად გადეგზავნა შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს. მათ მიერ გამოტანილი დადგენილებების მიხედვით, სახდელის სახით დადებული  ჯარიმის ოდენობამ,  დღეის მდგომარეობით, 30 იურიდიულ პირზე შეადგინა  96 600 ლარი, 11 საქმე განხილვის პროცესშია (სავარაუდო სახდელის ოდენობა – 39 800 ლარი).

 

როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ღონისძიებები გრძელდება პერმანენტულ რეჟიმში.

 

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები 6 ავტორიზებულ აფთიაქში განხორციელდა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი