ახალი ამბები

სააკაშვილი: არ ვითანამშრომლებ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან

12 აპრილი, 2013 • 1227
სააკაშვილი: არ ვითანამშრომლებ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან

“თუნდაც პრეზიდენტ კაჩინსკის ღვაწლის ფეხქვეშ გათელვაა ის, რაც გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა შეიარაღებული ძალები და ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის გაჩაღებაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილის თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული არც ერთ ოფიციალურ პირს, გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში:

 

“ყოველთვის ამ ომის ინიციატორად და აგრესორად გამოყვანილი იყო რუსეთი. მოხდა პირველი შემთხვევა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსებისა და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა და, სამწუხაროდ, ჩემთვის ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”

 

სააკაშვილის განცხადებით, იგი მიესალმება საქართველოს მთავრობის სურვილს, გაატაროს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან.

 

“მაგრამ ამიხსენით, რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შენი ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ ოკუპაციის იურიდიულ  დასაბუთებას. რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს ცარიელ ადგილზე, რომელიც მას ჰქონდა დაკარგული.

 

ძალიან ნათლად თქვა რუსეთმა, რაც უნდოდა 2008 წელს, ეს თქვა პუტინმაც: ჩემი ფიზიკური განადგურება ან კიდევ უკეთესი, რაც არაერთხელ თქვეს რუსებმა, ჩემი და ჩემი მთავრობის გასამართლება.  ეს არის ის, რასაც მსოფლიო ისტორიაში ალბათ პრეცედენტი არ აქვს! 

 

გასაგებია, რომ წინა მთავრობა გაასამართლო ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის, ან მოგონილი საბაბით სამხედრო დანაშაულისთვის, მაგრამ უყენებდე ბრალს წინა მთავრობას იმისთვის, რომ წინააღმეგობა გაუწია მტერს და უკან არ დაიხია, ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ არ მივეცით მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევის  და სახელმწიფო დამოუკიდებლობის ნიველირების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ გვბობმდავდნენ და გვაშინებდნენ, არ ვთქვით უარი ჩვენს ყველაზე მთავარ ატრიბუტებსა და პოზიციებზე.  საქართველომ 1921 წელს ეს ვერ  შეძლო. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა მეოცე საუკუნის განმავლობაში.

 

საქართველომ  მსხვერპლისა და დროებითი ტერიტორიული ოკუპაციის ფასად მაინც შეძლო მთავარის შენარჩუნება. ახლა არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენივე ხელით ჩავაბაროთ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილის განცხადებით, “დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს!  პრაქტიკულად ის  ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვლის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც უნდა იყოს ეთნოგრაფიული ექსპონატი და მხოლოდ იმით უნდა ვიამაყოთ და მოვიწონოთ თავი, თუკი ცეკვა-თამაშში დაგვიკრავენ ტაშს.

 

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პრაქტიკულად სამშვიდობოს ვიყავით!  ახლა კი მოდით, ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენი  ახალი ორჯონიკიძეების ხელით საქართველომ თვითონ ჩააბაროს მტერს ჩვენი დამო უკიდებლობის გასაღები, თავად დაუშვას საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა და თავად ავიღოთ ხელი საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.”

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი, როგორც პრეზიდენტი, მთლიანად ემიჯნება პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება.

 

საქართველოს პრემიერი და მისი მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ გამოიძიებენ 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს და ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს “ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან” თანამშრომლობას:

 

“მე გული მტკივა, საქმე ეხება არა ჩემს თავს და ჩემს პიროვნებას, ეს მეასეხარისხოვანია, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული მოფრთხილება ჩვენი მომავლის და დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, კვირებში და წლებში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი