ახალი ამბები

გენგემა: თბილისში აშენებული ახალი ბინების 10%-ში არავინ ცხოვრობს

19 ივლისი, 2017 • 5416
გენგემა: თბილისში აშენებული ახალი ბინების 10%-ში არავინ ცხოვრობს

თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის ავტორები აცხადებენ, რომ ქალაქში საბინაო მშენებლობა უნდა შეიზღუდოს, რადგან დემოგრაფიული პროგნოზის მიხედვით, ამ რაოდენობის საცხოვრებელი ბინები საჭირო არ იქნება. ასევე, არაპირდაპირი მოთხოვნის ხარჯზე მუდმივად ზრდადი საბინაო ბაზარი აზიანებს საქალაქო სივრცეს, მომიჯნავე გარემოსა და ქალაქის ეკოლოგიას.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ არსებული საბაზრო მდგომარეობით საცხოვრებელი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის სულ მცირე 30%-ისათვის. საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი კი უჩვენებს, რომ მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი:

“ახალი საბინაო რესურსების ათვისება ხდება არამიზნობრივად და შედეგად ქალაქის საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილი (10%) წარმოადგენს ე.წ. დაკეტილ ბინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბინებით ვაჭრობა მყისიერ დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი შემდგომი, ფუნქციის შეუსაბამო გამოყენება ზრდის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან და საგზაო სისტემებთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ამდენად, მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად გამართლებულად ვერ ჩაითვლება.”

გენგეგმის ავტორები აცხადებენ, რომ საბაზრო პროდუქტისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა ასევე ხელს უწყობს სოციალურ სეგრეგაციასა და საქალაქო სივრცის ფრაგმენტაციას.

“ასევე, არაპირდაპირი მოთხოვნის ხარჯზე მუდმივად ზრდადი საბინაო ბაზარი მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე, მოსახლეთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია, საბინაო მშენებლობის შეზღუდვა და მისი მიმართვა ქალაქის ურბანიზებული ნაწილის შიდა ტერიტორიულ რესურსზე, არსებული სტრუქტურული ფრაგმენტაციის აღმოფხვრისათვის,” – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი