ახალი ამბები

დამოუკიდებლობა მარშის გარეშე?[Video]

11 აპრილი, 2013 • 3290
დამოუკიდებლობა მარშის გარეშე?[Video]

სამხედრო აღლუმის  მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

სამხედრო აღლუმი თბილისში
სამხედრო აღლუმი თბილისში

პრემიერ -მინისტრის განცხადებამ საზოგადოების წევრების განსხვავებული რეაქცია გამოიწვია.  ივანიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანას აღლუმი და სამხედრო ძალის დემონსტრირება არ სჭირდება, როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ.  დისკუსიების პლატფორმა სოციალური ქსელები გახდა, სადაც საპროტესტო აქციაც კი დაიგეგმა. აქცია აღლუმის ჩატარების მოთხოვნით  თბილისში დღეს გაიმართა.

ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტ სააკაშვილის რეაქცია ამ თემაზე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი კი აღლუმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ივანიშვილს აკრიტიკებს:

“სამწუხაროდ, მე ვრწმუნდები, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მთლიანობაში არ ესმის მთავარი: რისი ხელისუფლებაა იგი. არ ესმის, რა არის სახელმწიფოს ღირებულება და მისი ნიშნები. დღეს, როცა ასეთი კითხვები არსებობს საგარეო პოლიტიკაზე, წარსულთან დამოკიდებულებაზე და მომავალზე, ამ სიმბოლური ნაბიჯის არგადადგამა [აღლუმის არჩატარება] აბსოლუტურად მარწმუნებს, რომ მისთვის გორის ვაშლის რუსულ ბაზარზე გატანა (რაც თავისთავად კარგი საქმეა) ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოების პატივისცემა, ამის ახალგაზრდებისათვის სწავლება და საერთოდ სახელმწიფო პრინციპების დაცვა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა 11 აპრილს “ნეტგაზეთთან” საუბარში.


 

დარჩიაშვილისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მასშტაბური სამხედრო აღლუმის გამართვა პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.


“არავითარი ძალის დემონსტრირება არ არის აღლუმი… არ ვიცი, მე ასე ვიზრდებოდი, რომ ზოგადად სამხედრო ფორმას ვცემდი პატივს და საკუთარი სახელმწიფოს სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები რომ გაივლიდნენ რუსთაველზე, ეს რაღაცნაირად მაგრძნობინებდა, რომ ვეკუთვნი გარკვეულ პოლიტიკურ ერთობას და მის [ბიძინა ივანიშილის] გონებაში თურმე ეს ყველაფერი [სამხედრო აღლუმი] არის მუქარა და  იარაღის ჟღარუნი”.


დარჩიაშვილისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ლევან ბერძენიშვილს, რომელსაც მიაჩნია, რომ იმ ფორმით ჩატარებულ აღლუმებს, რომლებსაც  გასული წლების განმავლობაში ადევნებდა ქართული საზოგადოება თვალყურს, სწორედაც რომ ძალის დემონსტრირების დანიშნულება ჰქონდა და ჩრდილოკორეულ მარშებს წააგავდა.  როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, საქართველოს აღლუმის სახით ძალის დემონსტრირება არ სჭირდება, რადგან ისედაც ყველამ იცის, თუ რა საბრძოლო რესურსი გააჩნია ქვეყანას.


გარდა ამისა, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ აღლუმი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ძალიან ბევრი ქვეყანა არ აძლევს თავს ამ ფუფუნების უფლებას. დეპუტატის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ის თანხა, რომელიც რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმის ორგანიზებაზე უნდა დახარჯულიყო, ქართულ არმიას მოხმარდება.


კნინდება თუ არა მთავარსარდლის როლი?


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მიმდინარე წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმი აღარ ჩატარდეს, ოპოზიციაში  გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის,  ქვეყნის უმთავრესი მთავარსარდლის ფიგურის დაკნინებას უკავშირდება.  სამხედრო აღლუმის გამართვის შემთხვევაში მას სწორედ მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი.


“მიხეილ სააკაშილის რეიტინგს ახლა აღლუმი კი არა, მამაზეციერი ვეღარ უშველის”, – ამბობს ბერძენიშვილი და უარყოფს აღლუმის არჩატარების მიზეზის ამ ვერსიას.


“მე ვფიქრობ, ეს აღლუმი თუ არ ჩატარდება, ეს მოხდება სწორედ იმის გამო, რის გამოც ახალი წლის გრანდიოზული კონცერტი არ გაიმართა თბილისში, არ ჩამოვიდა აქ შაკირა და არ გადაუხადეს მას მილიონები”, –  აცხადებს იგი.

სამხედრო აღლუმები მსოფლიოში

სამხედრო აღლუმების ისტორია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში იღებს სათავეს და მაკედონიის მეფის, ფილიპე მეორის სახელს უკავშირდება. სხვა წყაროებით, ამ ღონისძიების ინიციატორები მესოპოტამიელი მეფეები იყვნენ. აღნიშნულმა მოვლენამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ძველ რომში, სადაც  მილიტარისტული ფუნქციების გარდა, სოციალური როლიც მოირგო და მოსახლეობის ერთ-ერთ საყვარელ გასართობ სანახაობად იქცა. პომპეზური სამხედრო აღლუმების ჩატარებით რომაელი იმპერატორები თუ გენერლები საკუთარი პერსონის სიძლიერის ხაზგასმას ცდილობდნენ. დღეისათვის სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის სამხედრო აღლუმები დასავლეთის ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში იმართება.


ამ მხრივ ყველაზე დიდი ტრადიცია საფრანგეთს აქვს, სადაც ყოველი წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს,  სამხედრო მარში იმართება. აღლუმები ასევე ტარდება ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, იტალიასა და ნატოს  წევრ სხვა სახელმწიფოებში.


თუმცა მსოფლიოში ყველაზე პომპეზური  სამხედრო აღლუმები მაინც რუსეთში, ჩინეთსა და ჩრდილოკორეაში იმართება, რომელშიც ათასობით სამხედრო მოსამსახურე, სახმელეთო თუ საჰაერო დანიშნულების ტექნიკის ერთეული მონაწილეობს.

სამხედრო აღლუმები საქართველოში  და მისი მიზანი

საქართველოში კლასიკური გაგებით სამხედრო აღლუმი 1991 წლის 26 მაისიდან ტარდება და მას ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი იბარებს. გასულ წელს სამხედრო მარში პირველად ჩატარდა ქუთაისში, ხოლო 2008 წლის 26 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი წინა დემონსტრაციებთან შედარებით მცირე მასშტაბით გამოირჩეოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ საფრენ აპარატებს და სამხედრო ტექნიკაც მინიმალურად იყო წარმოდგენილი.    

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ სამხედრო აღლუმი თანამედროვე მსოფლიოში უფრო შიდა სამიზნე ჯგუფებზე გათვლილ კომუნიკაციებად მიიჩნევა, განსხვავებით მისი კლასიკური გააზრებისგან, როდესაც აღლუმი სახელმწიფოს პოტენციურ რესურსებს გამოხატავდა, ეს კი იმ შემთხვევაში იყო ეფექტური, როდესაც ქვეყნები უფრო ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ საგარეო ინტერესებს, რაც ხშირად დამპყრობლური ომებითაც გამოიხატებოდა.


“ეს “თავდასხმითი” წინა ეფექტები საკომუნიკაციო ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტურ “დაშინებას” და მოწინააღმდეგე მხარეზე “ფსიქოლოგიურ” ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. სამხედრო ექსპერტებს და ისტორიკოსებს შეუძლიათ არაერთი მაგალითი წარმოადგინონ, როდესაც სახელმწიფოები მსგავს საპრეზენტაციო საშუალებებს [აღლუმებს] როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში მიმართავდნენ ხოლმე, ასევე იერიშების წინაც კი, ფართო ფსიქოლოგიურ თამაშებს აწარმოებდნენ”, – ამბობს გამზარდია “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ დღეს მსგავს მეთოდს ნაკლებად ენიჭება მნიშვნელობა, რამდენადაც, ერთი მხრივ, ინფორმაციული გამჭვირვალეობა ან სადაზვერვო სისტემები სახელმწიფოებს რეალურ ინფორმაციას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, მეორე მხრივ კი, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოებმა ოფიციალურ დონეზე “თავდასხმითი პოლიტიკა “თავდაცვით” შეცვალეს, რეალურად ძალების დამალვა უფრო დაიწყეს, ვიდრე მისი პრეზენტირება.


“ამ მხრივ, აღლუმებს, ერთი მხრივ, შიდა ბაზარზე მოსახდენი ეფექტები ხვდა წილად, მეორე მხრივ, თავისებური პრესტიჟულობის და სრლუფასოვნების განცდა.


საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღლუმები უფრო საარჩევნო სისტემებზეა ორიენტირებული – რიგითი მოქალაქის  სიამაყის განცდის მისაღებად, რომლით აღფრთოვანებაც ძირითადად მმართველ სახელისუფლებო ორიენტირზე გადადის”, – აცხადებს იგი.


მისი თქმით, დღეს ქართული საზოგადოება საკმაოდ საინტერესო წინაპირობას აწყდება. იმ შემთხვევაში, თუ 26 მაისს საქართველოში სამხედრო აღლუმი ჩატარდება, საინტერესოა, ვინ აიღებს ამ სიმბოლურ “მფლობელობას” საკუთარ თავზე, პრეზიდენტი თუ განახლებული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.


“ამგვარი აღლუმი დღეს მხოლოდ საიმიჯო ხასიათისა იქნება და ჩვენი მოქალაქეობრივი იმედებისა თუ სანდოობის სიმბოლური გრძნობის მიკუთვნებაზე იმუშავებს არსებული ხელისუფალი’.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მისი პირადი სურვილია, რომ 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაიმართოს და მასში მონაწილეობა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც მიიღონ.


როგორ უნდა ჩატარდეს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” მოქალაქეებს მიმართა.

 



არსებული ინფორმაციით, სამხედრო აღლუმის ჩატარების საკითხზე საქართველოს ხელისუფლება მომდევნო მთავრობის სხდომაზე იმსჯელებს, თუმცა წინასწარვე ცნობილია პრემიერ–მინისტრის პოზიცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მასშტაბური სამხედრო მარში არ სჭირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი