ახალი ამბები

მანჯავიძე: მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობისთვის” თვითმმართველობის გამოგლეჯის პროცესი

11 აპრილი, 2013 • • 1128
მანჯავიძე: მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობისთვის” თვითმმართველობის გამოგლეჯის პროცესი

პარტიის გენერალური მდივნის სოსო მანჯავიძის თქმით, ხვალ დაგეგმილ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები  ქალაქის  მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დააყენებენ:

“ხვალ საკრებულოში დაიწყება მერის გადაყენების პროცედურა. სასურველი იქნებოდა, რომ ეს შეთანხმებით მოხდეს, ბატონი მერი თვითონ გადადგეს და გზა გაუხსნას ახალ მერს. არავის არ სიამოვნებს მაინცდამაინც ამ პროცედურით მერის გადაყენება”.

 

იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გოჩა თევდორაძის თქმით, ახალი მერი კონკურსის საფუძველზე აირჩევა:

 

“საკრებულოს მიერ არჩეული იქნება თავმჯდომარე მუდმივმოქმედი კომისიისა, რომელიც განიხილავს მერობის კანდიდატთა განცხადებებს და საკრებულოს წარუდგენს ერთ-ერთ კანდიდატს. ამის შემდეგ უკვე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება ყველაზე რეალური პროგრამა”.

 

სოსო მანჯავიძის მტკიცებით, მათი პარტია უახლოეს მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობებს სრულიად გადაიბარებს:

 

“ჩვენ ამ პროცესს დავარქვით ადგილობრივი ხელისუფლების გამოგლეჯა “ნაციონალური მოძრაობის” კონტროლიდან. ეს პროცესი გაგრძელდება და მოიცავს სრულიად საქართველოს, უახლოეს პერიოდში თქვენ ნახავთ. იმერეთის რეგიონში უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, იგივე ხდება საქართველოს დიდ ქალაქებში. წყალტუბოს საკრებულოში ჩვენი ფრაქცია შეიქმნა უკვე, თუმცა ჯერ უმრავლესობა არ გვაქვს. წყალტუბოს გარდა, პარტიის სახელწოდების ფრაქციის ჩამოყალიბება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უახლოეს მომავალში იგეგმება”, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ქუთაისში არსებული ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, მანჯავიძე პასუხობს:

 

“ეს მწვავე საკითხები, რომელიც დგას ქუთაისის წინაშე, ისევე როგორც საქართველს ყველა ქალაქის წინაშე,  ვერ გადაიჭრება პოლიტიკური საკითხების მოგვარების გარეშე. სწორედ ამიტომ, დაჩქარებული ტემპებით ჩვენ ვმუშაობთ, ძალიან მალე იქნება დანიშნული აღმასრულებელი ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩამოყალიბება მოხდეს პოლიტიკური სიტუაციის ქალაქში, რათა მიეცეს საშუალება ახალ მთავრობას ქალაქისას, რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს ეს პრობლემები .”

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” 8 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -10 დეპუტატით, ხოლო “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” -4 დეპუტატით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი