ახალი ამბები

პრეზიდენტმა და ელჩებმა “ამბასადორიალის” ფარგლებში ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს

18 ივლისი, 2017 • 2062
პრეზიდენტმა და ელჩებმა “ამბასადორიალის” ფარგლებში ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს

დეოკუპაცია, ანტიანექსიური პოლიტიკა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯები, საქართველოს საკითხის მსოფლიო დღის წესრიგში გააქტიურება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია იყო ის საკითხები, რომლებიც “ამბასადორიალის” ფარგლებში დღეს, 18 ივლისს, საქართველოს პარლამენტში შეკრებილმა ელჩებმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დახურულ შეხვედრაზე განიხილეს.

“კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება იმ დირექტივებში, რომლებსაც მიიღებენ საელჩოები, ფაქტობრივად, უკვე  მიიღეს, ეს არის ის, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან. პრეზიდენტმა დღეს განაცხდა, რომ საქართველომ მტკიცე ნაბიჯები გადადგა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს წარმატება, რომელსაც ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხობს უაღრესად საშიში ნაბიჯებით, რაც გამოიხატება ოკუპირებული ტერიორიების ანექსიაში, ასევე, მცოცავ ოკუპაციაში, და საუბარი იყო სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მოხდეს საერთაშორისო თანადგომის კონსოლიდირება, რომ ხორციელდებოდეს რეაქცია არა მხოლოდ ცალკეულ ინცინდენტებზე, ზოგადად რომ დაფიქსირდეს მსგავსი პოლიტიკის მიუღებლობა”,- განაცხადა  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, დღეს პრეზიდენტთან არ განუხილავთ აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის საკითხი, რადგან ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, ზოგადად, “ამბასადორიალის” ფარგლებში თუ განიხილეს ეს საკითხი ქვეყნის ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის ფონზე, დონდუამ უპასუხა:

“ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, ამბასადორიალი დღეს დაიწყო. მინისტრის მოადგილეებს  გვქონდა საუბარი იმ საკურაციო მიმართულებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხვალ იქნება თემატური შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, მინისტრებთან, ზეგ იქნება დახურული, მარტო საგარეო საქმეთა სისტემის წარმომადგენლების შეხვედრები. ხვალაც და ზეგაც საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ოკუპაცია უფრო დეტალურად იქნება განხილული”.

18 ივლისიდან 21 ივლისამდე თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი