პროკურორი ზვიად გუბელაძე, 18.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გერმანიაში მამალაძეს შეეძლო თეთრუაშვილის მოწამვლა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაიკითხა 100-მდე მოწმე.

“ყველამ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების ეტაპზე აქვთ მიცემული. ჩვენი მოლოდინი, რომ დავამტკიცებდით ბრალდებულ გიორგი მამალაძის გარემოებას, მართლდება და ყველა დაკითხული მოწმე ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს”, – აცხადებს პროკურორი.

ზვიად გუბელაძე პუნქტობრივად ავითარებს ბრალდების მხარის ვერსიას დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, პროკურატურის მოწმეებმა სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს.

საქმე ის არის, რომ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დაესწროს აღნიშნულ პროცესებს, ვინაიდან პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დახურულია, ამის გამო ჟურნალისტებს, მათ შორის არც ნეტგაზეთის რეპორტიორებს, არ აქვთ საშუალება უშუალოდ გაეცნონ საქმის მასალებს, მოუსმინონ მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს სასამართლოში და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ მოწმეთა ჩვენებების შესახებ განსხვავებულ ვერსიებს აწვდიან ჟურნალისტებს პროკურორები და ადვოკატები. ადვოკატები უარყოფენ პროკურატურის მონათხრობს, რომ მოწმეები ადასტურებენ მამალაძის ბრალეულობას.

100-ზე მეტი მოწმის დაკითხვის შემდეგ პროკურატურა აცხადებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა, თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობები, ხოლო ადვოკატები ამ ცნობებს უარყოფენ.

პროკურატურის ცნობით:

  • კერძოდ, უკვე დაკითხული მოწმეებით დადასტურდა, რომ დაცვის მხარე, კერძოდ, ბრალდებული იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ თითქოსდა ნატრიუმის ციანიდი სჭირდებოდა ოქრომჭედლისთვის ან შორენა თეთრუაშვილის თვითმკვლელობისთვის. აღნიშნული ფაქტი გამოირიცხა.
  • ასევე, დაცვის მხარე იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ გველის შხამი სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის სამკურნალოდ. საწინააღმდეგოდ დადასტურდა, რომ ბრალდებულს ნატრიუმის ციანიდი სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისათვის.
  • დაცვის მხარე ყოველთვის აპელირებდა, რომ თითქოს ბრალდებული ებრძოდა სხვადასხვა ქონებრივ მაქინაციებს საპატრიარქოში და რეალურად აღმოჩნდა, რომ მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და დაკითხულმა ყველა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადებები არის დაუსაბუთებელი და არანაირ ქონებრივ მაქინაციებს ადგილი არ ჰქონია საპატრიარქოში ადგილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხდებოდა კონკრეტული სასულიერო პირის და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით.
  • მეუფე დიმიტრიმ დაადასტურა, რომ მან თავად გადაამოწმა როგორც პატრიარქთან, ასევე სასულიერო პირებთან აღნიშნული ინფორმაცია და ნამდვილად დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური სტატიები არ შეესაბამება სიმართლეს.
  • მათ შორის, მეუფე დიმიტრიმ ასევე განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს მისთვის, როგორც სულიერი მოძღვარისთვის და მამისთვის, არც ერთ ეტაპზე არ მიუცია ინფორმაცია, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილი ან ციანიდით იყო დაინტერესებული, ან გველის შხამით.
  • შორენა თეთრუაშვილმა დაკითხვისას განმარტა, რომ ერთ-ერთი პირი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, შევიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ეკავა შეუსაბამო თანამდებობა, რაც მღვდელმთავრებსაც კი არ ეკავათ და არ შეესაბამებოდა მის სასულიერო იერარქიას. ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. აღნიშნული გიორგი მამალაძემ აღიქვა როგორც მისი კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელად. ამის შემდეგ მის მიმართ მკვეთრად უარყოფითად განეწყო და არც მალავდა ამას. უკლებრივ ყველა მოწმემ, მათ შორის მამალაძის მოადგილემაც, კლინიკაში დაადასტურა, რომ მას შორენა თეთრუაშვილის მიმართ ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება და არ ერიდებოდა მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გამოქვეყნებასაც კი.
  • ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ გერმანიაში, კლინიკაში იყო სასადილო, სადაც ყველა პირს მიუწვდებოდა ხელი. ბრალდებულს ჰქონდა სრული თავისუფლება, ესარგებლა იქ არსებული სასმელით და საკვებით და აღნიშნულის მეშვეობით განეხორციელებინა თეთრუაშვილის მოწამვლა და მკვლელობა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის გარემოცვასთან ერთად. მამალაძეს ბრალად ედება პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. პროკურატურის ვერსიით, თეთრუაშვილი ხელს უშლიდა მამალაძეს კარიერულ წინსვლაში. დეკანოზი მამალაძე ბრალს უარყოფს. ადვოკატების ცნობით, ციანიდის ყიდვა მას თავად თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ უყიდია და შესაბამისად, იგი აცხადებს, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთვნის. დეკანოზის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც ისინი საქმის მასალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. დახურულია სასამართლო სხდომებიც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.