ახალი ამბები

მარგველაშვილი: ბოლომდე მივყვებით იმ კონტრაქტებს, რომელსაც გამომცემლებმა ხელი მოაწერეს

11 აპრილი, 2013 • 1123
მარგველაშვილი: ბოლომდე მივყვებით იმ კონტრაქტებს, რომელსაც გამომცემლებმა ხელი მოაწერეს

“ეს არის სიტყვასიტყვით იმ კონტრაქტის ნაწილი, რომელიც ჩვენ დაგვხვდა”, – აცხადებს მარგველაშვილი.

 

მისივე თქმით, გუშინ შეხვდა სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს და გაოცებული დარჩა:

 

“გაოცემული დავრჩი იმ გროშებით, რომლებსაც თურმე ავტორები ხშირ შემთხვევაში იღებენ გამომცემლებისგან. ეს პოლიტიკა შეიცვლება და სამუშაოს, რომელსაც განათლების სამინისტრო შეუკვეთავს ავტორებს, ექნება ბევრად უფრო ღირსეული ანაზღაურება.”

 

მარგველაშვილის თქმით, გამომცემლობებმა უნდა გაიაზრონ, რომ მოსახლეობის “გაღატაკების პოლიტიკა” დამთავრდა:

 

“გამომცემლები, რომლებიც იაზრებენ ვითარებას, იაზრებენ იმას, რომ მოსახლეობის გაღატაკების, გადუხჭირების პოლიტიკა საქართველოში დამთავრდა, ბუნებრივია, ამ გამომცემლებთან დაიწყება დიალოგი, თუმცა ეს დიალოგი მიმდინარეობდა ბოლო 5 თვის განმავლობაში… გამომცემლებთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა წლის პრობლემებთან დკავშირებით, რაც მათ პრობლემები აქვთ ნაშთებთან მიმართებაში, ასევე, მომავალი თანაშრომლობის კუთხით.”

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გამომცემლობები სამინისტროდან ერთ მილიონ ლარს მიიღებენ:

 

“გამომცემლობები, რომლებსაც ახლა ანგარიშზე დაუჯდებათ მილიონი ისე, რომ ისინი კაპიკს არ დახარჯავენ, მე იმედი მაქვს, რომ ისინი ისე არ მოექცევიან ავტორებს, რაც მე გუშინ გავიგე. გუშინ მე გავიგე, რომ თურმე მათ არაფერს არ მისცემს გამომცემელი. შეასრულონ პირნათლად ავტორებთან ვალდებულებები გამომცემლობებმა. ჩვენ ბოლომდე მივყვებით იმ კონტრაქტებს, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს”, – აცხადებს მარგველაშვილი.

 

მარგველაშვილის თქმით, ავტორებს ერთწლიანი კონტრაქტები აქვთ დადებული გამომცემლობებთან და “არავინ არ იცავდა ავტორების უფლებებს”.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ უცხოურ გამომცემლობასთან, კერძოდ, “მაკმილანთან”, ქართული გამომცემლობებისგან განსხვავებული კონტრაქტი არსებობს და ამის გამო სამინისტრო ისევ ამ გამომცემლობისგან შეიძენს სახელმძღვანელოებს: 

 

“მაკმილანის” შემთხვევაში ჩვენ ასეთი კონტრაქტი არა გვაქვს, რომელიც გვაძლევს ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას, “მაკმილანთან” ასეთი დაბეჭდვის შესაძლებლობას კონტრაქტი არ გვაძლევს, შესაბამსიად, მათგან ვყიდულობთ წიგნებს”, – აცხადებს მარგველაშვილი.

 

მისივე თქმით, სამინისტრო საავტორო უფლებებს არ არღვევს:

 

“საავტორო უფლება  არის კონკრეტული იურიდიული შეთანხმება, კონკრეტული კონტრაქტის ნაწილი. როგორ შეიძლება, თუ კონტრაქტს ვიცავ, დავარღვიო საავტორო უფლება?!”

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები, მიესალმებიან სამინისტროს ინიციატივას საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უფასოდ უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა ამასთანავე მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, კერძოდ კი, ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუვალობის პრინციპს.

 

ასოციაციის წევრთა აზრით, სამინისტროს ამ ინიციატივით უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და საგამომცემლო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევით სახელმწიფო არღვევს ავტორთა და გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. 

გამომცემლები სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას, თუკი განათლების სამინისტრო დათმობაზე არ წავა.

 

განათლების სამინისტრო უფასოდ მიაწოდებს საქართველოს მასშტაბით 650 ათას მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოებს და ამისთვის, როგორც სამინისტროში აცხადებენ, 12 მილიონ ლარს დახარჯავენ. სახელმძღვანელოებს სამინისტრო გამომცემლობების გვერდის ავლით, პირდაპირ სატამბებში დაბეჭდავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი