თბილისში, მტკვრის სანაპიროებზე შესაძლოა სასეირნო ბილიკები მოეწყოს – კონცეფცია

მტკვრის სანაპიროებზე შესაძლოა საფეხმავლო ბილიკები და სარეკრეაციო ზონები მოეწყოს. ამას ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა-კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც  ქალაქის მმართველი ორგანოების მხრიდან ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

ის, რომ თბილისში მტკვარი მაგისტრალებშია მოქცეული და მდინარის სანაპირობეზე სეირნობა შეუძლებელია, ტურისტებმაც შეამჩნიეს ნეტგაზეთის ვიდეო-გამოკითხვაში.

კონცეფციის ავტორების ხედვა მდინარის სანაპირობეთან დაკავშირებით

“თბილისი მდინარის გასწვრივ განვითარებული ქალაქია. ისტორიულად, მტკვრის ნაპირები ხალხმრავალ და ქალაქის ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სივრცეებს წარმოადგენდა. თუმცა გასული საუკუნის გეგმარებითმა გადაწყვეტილებებმა მტკვარს შეუცვალა ბუნებრივ-ისტორიული სახე, მდინარე მოექცა ჯებირებში და მისი ხალხმრავალი ნაპირები თანდათან გარდაიქმნა მუდამ გადატვირთულ, საავტომობილო ტრასებად. მტკვარმა დაკარგა ადამიანების თავშეყრისა და ურთიერთობის, დასვენების, ქალაქის განიავებისა და გაგრილების ფუნქციები.

საერთაშორისო გამოცდილებითა და 21-ე საუკუნეში გამოვლენილ სხვადასხვა ურბანული გადაწყვეტილებით, თითოული ევროპული, პოსტსაბჭოთა (ვილნიუსი, კაუნასი, ბუქარესტი, ტიმიშარა, ა.შ.), ამერიკული (დეტროიტი, ჩიჯაგო, ა.შ.) ან აზიური (სეული) ქალაქი ახდენს მდინარის ნაპირების რეგენერაციას. ყოველი ასეთი პროექტის მთავარი ჩანაფიქრია, სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცეს მდინარის ნაპირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, თბილისი მსგავსად, საავტომობილო ტრასებადაა გადაქცეული.

ჩვენი ხედვით, მტკვრის ნაპირების ძირითად საქალაქო სარეკრეაციო სისტემად ჩამოყალიბება, ალტერნატივა არ გააჩნია. თბილისის უბნების უმრავლესობისათვის მტკვრის სანაპიროები ყველაზე ახლო, ადვილად მისაწვდომ სივრცეებს წარმოადგენს. მტკვრისპირა მწვანე სისტემის ჩამოყალიბება ქალაქის ცენტრის სარეკრეაციო სივრცეებით გამდიდრების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტაა. მტკვარი თბილისის ქვაბულის ფსკერზე მიედინება და, შესაბამისად, მის გასწვრივ რელიეფი ყველაზე რბილია. ეს ფაქტორი მდინარის მიერ ჰაერის გაგრილების და განიავების უნართან ერთად მტკვრის სანაპიროებს საფეხმავლო თუ საველოსიპედო გადაადგილებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დერეფნად აქცევს. მტკვრის პირასაა შენარჩუნებული ქალაქის ნაშენ ნაწილში შემორჩენილი ბუნებრივი ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი მასივები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქალაქო სარეკრეაციო პოტენაციალი გააჩნიათ.

ჩვენი ხედვით, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს. ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეებით: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით. დედაენის პარკში, რიყესა და 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჯებირებისაგან გათავისუფლების შედეგად შესაძლებელი გახდება უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება, რაც კიდევ უფრო ორგანულად შეაკავშირებს მდინარესა და ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

კონცეფციით გათვალისწინებულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ახალი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მიზნით.

ქალაქის ჩრდილოეთით, დიღმის ჭალების ვრცელი ტერიტორიები იქცევა მსხვილ საქალაქო ლანდშაფტურ პარკად, არაფორმალური ღია სივრცეებითა და დაცული ბუნებრივი გარემოს ელემენტებით. მდინარისპირა ლანდშაფტური პარკების ფუნქციას იძენს დირსიჭალისა და ორთაჭალის მდინარისპირა გაუნაშენიანებელი სივრცეები.

მთლიანობაში, გეგმარებითი მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემის ფართობი დაახლოებით ორჯერ აღემატება არსებული საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკების და სკვერების ჯამურ ფართს.

არსებული მდგომარეობით არათუ გაწყვეტილია კავშირი მდინარის ნაპირებსა და თავად მტკვარს შორის, არამედ მდინარე, რომელიც ქალაქის დამაკავშირებელი არხი უნდა იყოს, ბარიერად გვევლინება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე კულტურულ, საგანმანათლებლო თუ საცხოვრებელ დაწესებულებათა შორის.

ჩვენი ხედვით, პირველ რიგში, აუცილებელია მტკვრის ნაპირების რეგენერაცია, რის შედეგადაც ქალაქი მიიღებს ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებულ სარეკრეაციო სივრცეს. მხოლოდ ასეთი ინტერვენციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მტკვარზე, როგორც მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებების მთავარ საფეხმავლო თუ საველოსიპედო კავშირზე.

ჩვენი ხედვით, აუცილებელია ინტერვენციისათვის გამოიყოს გარკვეული ტერიტორიები და თითოეულს მიენიჭოს თავისი, უნიკალური სახე. ამისათვის საჭიროა დეტალურად შევისწავლოთ არსებული ურბანული კონტექსტი, რათა შევძლოთ თითოეულ შერჩეულ ტერიტორიას მივანიჭოთ უნიკალური კონცეფცია.

შეუძლებელია, ზოგადად ვისაუბროთ მტკვრის ნაპირებზე, როგორც სარეკრეაციო სივრცეებზე. თუ გავითვალისწინებთ მათ ზომასა და მასშტაბს, გარშემო ურბანული კონტექსტების გადაადგილებასთან ერთად ცვლილებას, აშკარაა, რომ თითოელ კვადრატულ კილომეტრს სხვადასხვა ურბანული კონტექსტი მოსდევს, რომელიც შემდეგ თავებში დეტალურადაა განხილული. თუმცა, მიუხედავად მასშტაბის სიდიდისა და გარშებო ურბანული კონტექსტების განსხვავებულობისა, აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ ზოგადი კონცეფცია, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ინტერვენციისთვის შერჩეულ ტერიტორიებზე სახეს იცვლის და გვევლინება სწორედ ამ უბნისა თუ ტერიტორიისთვის შექმნილ ახალ სახედ. შესაბამისად, ზოგადი კონცეფცია მდებარეობს შემდეგში:

ინტერვენციისთვის შერჩეული ტერიტორიები და მათი ახალი სახე

კონცეფციის ავტორების განცხადებით, შედეგად წარმოიქმნება ახალი კავშირები კულტურულ,საგანმანათლებლო და საცხოვრებელ დაწესებულებებთან

Screen Shot 2017-07-18 at 10.04.58 PM

გასადიდებლად დააკლიკეთ სურათს

როგორ გამოიყურება სანაპიროები ახლა და რა შეიცვლება მომავალში, თუ ქალაქი ამ გეგმის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს? შედარებისთვის აამოძრავეთ ფოტოებს შორის მოცემული თეთრი ხაზი:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com