ახალი ამბები

გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო ექიმს სამედიცინო სერთიფიკატი შეუჩერეს

11 აპრილი, 2013 • 1235
გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო ექიმს სამედიცინო სერთიფიკატი შეუჩერეს

“ამ შემთხვევამ არა კონკრეტული ადამიანების შეცდომას, არამედ სისტემის გაუმართავ მუშაობას გაუსვა ხაზი. სამწუხაროდ, ამის შეცვლას დრო ჭირდება, ჩვენ ამისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას, თუმცა ვაღიარებთ ამ პასუხისმგებლობას, უნდა ვთქვა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა ჩემი პასუხისმგებლობაცაა”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

 

მისივე თქმით, ზოგადად ერიდება ხოლმე მისი წინამორბედების მკვეთრ კრიტიკას, თუმცა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობა იყო წლების განმავლობაში ასეთი შემთხვევების მონიტორინგი. 

 

“დღეს ჩვენ ამას კასკადურად დავამონიტორინგებთ”, – აცხადებს სერგეენკო.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო უბნის ექიმს ოთხი თვის ვადით შეუჩერეს სამედიცინო სერთიფიკატი, ასევე მას დაევალა კვალიფიკაციის კურსების გავლა.

 

დავით სერგეენკომ დღეს გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა მედიას:

 

“ეს იყო დაუბალანსებელი კვება და არა გამოფიტვა ორგანიზამის შიმშილის ნიადაგზე. ეს იყო მძიმე მეტაბოლური დარღვევა, რომლის მართვაც ვეღარ მოხერხდა.”

 

ერთი წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს გარდაიცვალა.

 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი