ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

18 ივლისი, 2017 • 4670
ცხინვალის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ცხინვალის ციხეში 11 ივლისს დაწყებული პატიმრების შიმშილობა გრძელდება. ისინი გაუსაძლისი პირობების გამო თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებასა და, როგორც თავად აცხადებენ, ამასთან დაკავშირებულ დაპირებულ საკანონმდებლო რეგულაციის მიღებას მოითხოვენ.

ცხინვალის ციხეში მსჯავრდებულთა შიმშილობის პირველი შედეგი უკვე დადგა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბიბილოვმა “გამოვლენილ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამო” კოლონიის უფროსი გიორგი კაბულოვი დაითხოვა.  რაც შეეხება პატიმრობის ვადების შემცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ზალინა ლალიევა ამბობს, მსგავსი რამ არ განიხილება, თუმცა რამდენიმე წლის წინ მსგავსი რეკომენდაციით დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა იუსტიციის უწყებას მიმართა.

მოშიმშილე პატიმართა ახლობლები კი აცხადებენ, რომ პატიმართა აქციას ციხის რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრება მოჰყვა – დღის განმავლობაში ჰაერზე გასვლის დრო და წლის განმავლობაში ახლობლებთან პაემნების რაოდენობაც შეუმცირეს.

გამოცემა ეხო კავკაზასთან საუბარში უფლებამცველი და ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმარი ფატიმა მარგიევა ცხინვალის საპატიმროს პირობებზე ლაპარაკობს. როგორც ის ამბობს, აუცილებელია ციხის შენობის დეზინეფქცია, რასგანაც მრავალი წლის განმავლობაში იქ ტუბერკულოზით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანები ერთად იმყოფებიან. გარდა ამისა, მარგიევა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პატიმრებს დამპალ და გამოსაყენებლად უვარგის საკვებს აჭმევდნენ.

“პატიმრები მიყვებოდნენ, რომ სიკვდილამდე სცემდნენ მათ. 2009 წელს თვითმკვლელობის რამდენიმე ფაქტიც მოხდა”.

გამოცემასთან საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევიც საუბრობს:

“ჩვენს ციხეში პირობების გაუმჯობესებაზე ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში იყო საუბარი, ვინაიდან მაშინაც არ აკმაყოფილებდა ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი. ედუარდ კოკოითისთან და ლეონიდ თიბილოვთანაც მისაუბრია ამ საკითხის შესახებ და ვთანხმდებოდით იმის თაობაზე, რომ თანამედროვე სტანდარტების კოლონია უნდა აგვეშენებინა ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში. მაგრამ ვერ მივედით იქამდე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი