ნატა საბანაძე: მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩეს რელევანტური ექვსივე ქვეყნისთვის

ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელ ნატალია საბანაძე ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მუშაობა ევროპარლამენტთან რეზოლუციის მიღების თაობაზე:

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება დაწყებულია უკვე დიდი ხანია. იცით, რომ სამიტი გაიმართება ბრიუსელში, ესტონეთის თავმჯდომარეობის ქვეშ. ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა როგორც ყველა სახელმწიფოსთან, ასევე სტრუქტურებთან – ევროკავშირის პარლამენტთან ცალკე. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯები იქნება უკვე დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა.

ჩვენ ამ სამიტს ვუყურებთ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის შესაფასებელ ეტაპობრივ სამიტს იმიტომ, რომ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა არსებობს. ასევე უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩეს რელევანტური ექვსივე ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი ქვეყნისთვის, ვისაც აქვს ასოცირება და უვიზო მიმოსვლა. ამიტომ ეს არის ჩვენთვის მთავარი გამოწვევა და მთავარი მიზანი, რომ რაც შეიძლება რელევანტურობა შეინარჩუნოს აღმოსავლეთ პარტნიორობამ, გაძლიერდეს და მეტი დინამიზმი მიეცეს ამ ინიციატივას, რომელიც არის ის, რაც ჩვენ გვაკავშირებს ევროკავშირთან  ასოცირების გარდა”,- განაცხადა საბანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას “ამბასადორიალი 2017”-ის მიმდინარეობისას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინადადება, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) თანამშრომლობის ახალი ფორმატი 2008 წელს შემუშავდა. ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაცია 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელიც 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის ძირითად მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. პირველი სამიტი 2009 წელს ევროკავშირის იმჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანაში, ჩეხეთში, ხოლო მეორე 2011 წლის პოლონეთში გაიმართა. მესამე და მეოთხე სამიტს 2013 და 2015 წლებში ლიტვამ და ლატვიამ უმასპინძლა. მეხუთე სამიტი კი ბელგიაში გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com