ახალი ამბები

თბილისში ბუნებრივ აირზე ტარიფი 0.5 თეთრით გაიზრდება

18 ივლისი, 2017 • 1609
თბილისში ბუნებრივ აირზე ტარიფი 0.5 თეთრით გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 20 ივლისიდან თბილისში მცხოვრები აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.5 თეთრით გაიზრდება ერთ კუბურ მეტრზე.

ახალი ტარიფი შეეხება ყაზტრანსგაზ თბილისის აბონენტებს. კომპანია თბილისის უმეტეს ნაწილს ამარაგებს.

მოქმედი ტარიფით, ყაზტრანსგაზის აბონენტები იხდიან 45,6196 თეთრს ერთ კუბურ მეტრზე, ხოლო ახალი ტარიფით, აბონენტები გადაიხდიან 46,153 თეთრს.

კომისიის დადგენილებით, ახალი ტარიფი ერთი და იგივე იქნება მაღალი, საშუალო, დაბალი წნევის მომხმარებლებისთვის, რაც მანამდე არ ყოფილა.

დაბალი წნევის აბონენტებისთვის, ანუ მოსახლეობისთვის, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი იყო 50,620 თეთრი ერთ კუბურ მეტრზე, თუმცა მოსახლეობა რეალურად იხდიდა 45,6196 თეთრს, რადგან სახელმწიფოსა და ყაზტრანსგაზ თბილისს შორის მემორანდუმი იყო დადებული, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა დაახლოებით 5 თეთრით ნაკლებს იხდიდა გადასახადს.

კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტარიფი 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

კომისიამ ახალი ტარიფის დასადგენად გაითვალისწინა გაზის მიწოდების, განაწილებისა და შეძენის ღირებულების მაჩვენებლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი