ახალი ამბები

“ციანიდის საქმეზე” მიტროპოლიტი დიმიტრი დაიკითხა

18 ივლისი, 2017 • 1919
“ციანიდის საქმეზე” მიტროპოლიტი დიმიტრი დაიკითხა

დღეს, 18 ივლისს, “ციანიდის საქმეზე” თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დაკითხეს.

დაკითხვიდან გამოსული მიტროპოლიტ დიმიტრის განცხადებით, კითხვები დაუსვეს, რა ურთიერთობა ჰქონდა გიორგი მამალაძესთან.

“ვილპარაკე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა,” – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მანვე თქვა, რომ ბრალდებული დეკანოზის შეფასების უფლება არ აქვს.

”რაც შეეხება კითხვებს, იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ გაგვეგო, საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ მეუფე დიმიტრი სასულიერო პირია. მის ეპარქიაში მოღვაწე არის მამა გიორგი. შესაბამისად, რამდენადაა რეალობა იმის არსებობა რომ შორენა თეთრუაშვილი შეიძლებოდა ყოფილიყო მამა გიროგის კარიერულ წინსვლაში ხელისშემშლელი სუბიექტი, მაგაზე მეუფე დიმიტრიმ ძალიან კონკრეტულად გასცა პასუხი, რომ ესეთი რაღაცეები წყდება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო მღვდელმთავრების და პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებით. ასე რომ, ის ბრალის მოტივაცია ვითომდა თეთრუაშვილი იმიტომ უნდა ყოფილიყო სასიკვდილოდ განწირული მამა გიორგის მიერ, რომ ვითომდა ხელს შეუშლიდა, ამის მოტივაცია არ არსებობს, არ არსებობს არანაირი ანგარება.

ყველა ის რეგალია, რაც მამა გიორგის მიღებული აქვს, არის მეუფე დიმიტრის რეკომენდაციით, ასევე პირადად პატრიარქის გადაწყვეტილებით,” – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მიტროპოლიტის დაკითხვის შემდეგ.

დღევანდელ პროცესზე, პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დაიკითხება პატრიარქის დისშვილი – ქეთევან შიოლაშვილიც. ასევე, საპატრიარქოს ოქრომჭედელი და საქმის გამომძიებელი. გუბელაძის თქმით, ასევე დაკითხავენ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ციანიდთან და გველის შხამთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს დაცვის მხარე სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენს, რომელიც დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რომელზეც ისაუბრეს მეუფე იაკობმა, მიქაელ ბიტკოველმა, ასევე, შორენა თეთრუაშვილმა. საქმე ეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მიითვისა სამების საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის თანხა.

“შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს რაღაც თანხების ანგარების მიზნით მითვისებას აპირებდა, ეს არის სიცრუე” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი