ახალი ამბები

საქართველოს მწვანეთა პარტიის საჩივარი დაკმაყოფილდა

10 აპრილი, 2013 • 1115
საქართველოს მწვანეთა პარტიის საჩივარი დაკმაყოფილდა

 

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო


სადავო ნორმა „გარემოს  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში გარემოსდაცვითი კანონის დარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა ნებისმიერ პირს, თუ ის სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციას გადაიხდიდა. დამრღვევს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინა. ეს ცვლილება პარლამენტმა გარემოსდაცვით კანონმდებლობაში  გასულ წელს შეიტანა. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასმართლოს საქართველოს მწვანეთა პარტიამ მიმართა:

 

„სადავო ნორმის არსებული ფორმულირების პირობებში გაურკვეველია რა პერიოდით იდება შეთანხმება.  შესაძლებელია ნორმები განიმარტოს იმგვარად, რომ  პირმა მომავალში ზიანი მიაყენოს გარემოს და არ დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც კონსტიტუციური  უფლების დარღვევას იწვევს.“ – ნათქვამია „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ სარჩელში. 

 

 

გარდა ამისა გარემოს დამცველები მიიჩნევდნენ, რომ გასაჩივრებული დებულება  ხელს შეუშლიდა სახელმწიფოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებაში, მაშინ როცა სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისიტემა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური სამართლებრივი ზემოქმედების საშუალებები.

 

 

საკონსტიტუციო სამართლოში მიიჩნიეს, რომ  კონკრეტული სამართალდამრღვევისთვის შესაბამისი სანქციის შერჩევისას, სანქცია იმგვარად არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ  მან დაკარგოს თავისი მიზანი  და დანიშნულება. სადავო ნორმის შემთხვევაში კი დაინტერესებული პირი კარგავს განცდას, რომ შესაძლებელია გარემოსთვის ზიანის მიყენების სანაცვლოდ მას პასუხისმგებობა დაეკისროს.  პირისთვის ამგვარი თავისუფლების მინიჭება კი კონფლიქტში მოდის სახელმწიფოს ვალდებულებასთან  უზრუნველყოს გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად, რითაც კონსტიტუციური უფლებები იზღუდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი