ახალი ამბები

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებული კონსტიტუცია მივიღოთ

18 ივლისი, 2017 • 1856
კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებული კონსტიტუცია მივიღოთ

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ქვეყნის საგარეო ურთიერთობის კონტექსტში.

“მინდა განსაკუთრებით შევეხო დემოკრატიულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ კონსოლიდაციას, რომელსაც საფუძველი ეყრება პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში. დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობის და დაპირისპირების შედეგი იყო. დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც დამატებით უქმნიდა დაბრკოლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკას”,- განაცხადა კობახიემ.

ირაკლი კობახიძე ამბასადორიალზე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძე ამბასადორიალზე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე,  საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას. პარლამენტის უფლებმოსილების გაძლიერებას, აღმასრულბელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას.

“როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ქვეყნის ფუძემდებლური კანონის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს, ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს”,- განაცხადა კობახიძემ.

ივნისის ბოლოს საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესებით. მანვე განაცხადა, რომ კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. განხილვას ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად, მათ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი