ახალი ამბები

კვლევის მიხედვით, საქართველოში მიწის 70% აღურიცხავია

10 აპრილი, 2013 • 1836
კვლევის მიხედვით, საქართველოში მიწის 70% აღურიცხავია

გასულ წელს სოფელ წოდორეთში SIDA-ს (Swedish International Development Cooperation Agency) დაფინანსებით პილოტური პროექტი განხორციელდა და 130 ჰექტარზე 320 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეები ვერ პოულობდნენ, სად გადიოდა მათი ნაკვეთების საზღვარი და ძირითადად ერთმანეთის ტერიტორიაზე იყვნენ შეჭრილი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემები არსებობს.

 

მიწის ბაზრის არსებულ მდგომარეობაზე კვლევა ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ცენტრმა დღეს წარმოადგინა. კვლევა აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელდა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მიწის ბაზრის მხოლოდ დაახლოებით 30%–ია აღრიცხული და მიუხედავად სახელმწიფოსა და დონორების ძალისხმევისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ რთულია იმის გარკვევა, თუ რა მოცულობის მიწა ეკუთვნის კერძო სექტორს, სახელმწიფოს და რამდენია ე.წ. რუხ ზონაში, ანუ გაურკვეველ მფლობელობაში.

ფოტო/რადიო თავისუფლება
ფოტო/რადიო თავისუფლება

როგორც ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ცენტრის ექსპერტი ლაშა დოლიძე აცხადებს, საქართველოში ამ კუთხით რეფორმა თავიდანვე არასწორად განხორციელდა. 1992 წელს ხელისუფლებამ მცირე ზომის მიწები დაარიგა, რამაც დიდი მიწის ნაკვეთების უკიდურესად დანაწევრება გამოიწვია და 2004 წლის სასოფლო–სამეურნეო აღწერის თანახმად ნაკვეთების 98%  5 ჰექტარზე ნაკლები ზომისაა, რაც მის კომერციალიზაციას ხელს უშლის:

 

“გარდა ამისა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობს მიწას და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ეს საკითხი ამა თუ იმ ფორმით უნდა მოგვარდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამას კერძო სექტორს მივანდობთ და განვაცხადებთ, რომ თავად მან, ვისაც აქვს ეს ნაკვეთი, უნდა მოაგვაროს ეს თავისი ძალებით, მაშინ მოხდება ის, რომ ის მოიტანს ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ, ფაქტობრივი მფლობელობა კი ხშირ შემთხვევაში მეტია ხოლმე, ვიდრე მფლობელს რეალურად ეკუთვნის და გამოვა ისე, რომ მთელი მიწის ფონდი შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ”, – აცხადებს ლაშა დოლიძე. მისი თქმით, აუცილებელია კერძო საკუთრება სახელმწიფოს საკუთრებას გაემიჯნოს და სახელმწიფომ კუთვნილ ტერიტორიაზე საკუთარი საპრივატიზაციო პოლიტიკა აწარმოოს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, ხოლო პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ძველი დოკუმენტაციის თავმოყრაა:

 

“სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა მოახდინოს ინვენტარიზაცია იმ დოკუმენტების, რაც სოფლად, დაბებში, მუნიციპალიტეტებში და რეესტრის არქივებში არსებობს. პრობლემა არის რეგისტრაციის ხარჯებიც, მოსახლეობის დიდ ნაწილს იმ ხარჯის გაწევა ფაქტიურად არ შეუძლია, რაც მიწის რეგისტრაციასთანაა დაკავშირებული. სოფლად სიღარიბის დონის გათვალისწინებით ეს პრობლემა ძალიან დიდია”, – აცხადებს ნინო ევგენიძე.

 

იმის გამო, რომ მოსახლეობას მიწები საკუთრებაში არ აქვს, პრობლემები შეექმნა სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ხვნა–თესვის პროგრამის დაწყებამდე:

 

“ჩვენ ვეყრდნობოდით სოფლის რწმუნებულების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მოსახლეობა მიდიოდა რწმუნებულებთან, ეუბნებოდა, რა რაოდენობის მიწა ჰქონდა, ხოლო რწმუნებულები ამ ინფორმაციას ჩვენ გვაწვდიდნენ. ხდებოდა ამ ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრის მონაცემებთან, თუმცა ზოგ შემთხვევაში იმის გადამოწმება ვერ ხერხდებოდა, რამდენად სწორი იყო მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

 

პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ საჯარო რეესტრშიც:

 

“ჩვენი იურიდიული სამსახური მუშაობს, ძირითადად საკანონმდებლო ნაწილი იქნება დასახვეწი. ჯერ მიდის შეფასება, წლების განმავლობაში რა პრობლემები იქმნებოდა რეგისტრაციასთან დაკავშირებთ და ამის საფუძველზე ძალიან მალე მომზადდება ცვლილებები”, – განაცხადა საჯარო რეესტრის პრესსამსახურის უფროსმა ეკა ერგემლიძემ. მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებისა და გეგმების შესახებ მომზადებული ინფორმაცია დასრულებისთანავე საჯარო გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი