ახალი ამბები

პრეზიდენტი დიპლომატებს: თქვენ უპირისპირდებით რუსულ დიპლომატიას და ხართ გამარჯვებულები

18 ივლისი, 2017 • 1827
პრეზიდენტი დიპლომატებს: თქვენ უპირისპირდებით რუსულ დიპლომატიას და ხართ გამარჯვებულები

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე “ამბასადორიალის” ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხდა. მისი თქმით, გამოწვევამ, რომელიც საქართველოს დიპლომატიას ჰქონდა 2008 წლიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარების თვალსაზრისით, სწორედ ქართული დიპლომატიის მხრებზე გადაიარა.

“თქვენ ეს დაპირისპირება პირწმინდათ მოიგეთ. ჩვენი უსაფრთხობის, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებთ ასე წარმატებულად და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას, რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები”.

გიორგი მარგველაშვილი ამბასადორიალზე. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილი ამბასადორიალზე. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებსაც, რომლებიც მისივე თქმით, არაღიარების ბრძოლას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებენ. პრეზიდენტმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას განაპირობებს. მარგველაშვილმა  პირველ მიზეზად ქვეყნის დემოკრატიულობა დაასახელა:

“[ამას განაპირობებს]ის ღირებულება, რომ საქართვეელოში დაცულია ადამიანის უფლებები, მედია და სხვა დემოკრატიული ღირბულებები”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

18 ივლისიდან 21 ივლისამდე თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი