ახალი ამბები

გაეროს ელჩი მოხარულია, რომ თათია დოლიძის მიმართ ძალადობრივ განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

17 ივლისი, 2017 • 4707
გაეროს ელჩი მოხარულია, რომ თათია დოლიძის მიმართ ძალადობრივ განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

საქართველოში გაეროს ელჩი ნილს სკოტი მოხარულია, რომ თათია დოლიძის მიმართ ძალადობრივ განცხადებებს შსს გამოიძიებს და იმედი აქვს, რომ გამოძიება სწრაფი იქნება:

“მოხარული ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თათია დოლიძის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფი იქნება. ვგმობთ ყველა სახის ძალადობას, ამ შემთხვევაში კი, ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებას თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, როგორიც თათია დოლიძეა, შეძლონ ხმის ამაღლება თავისუფლების, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასაცავად. ეს ფუნდამენტური ღირებულებებია როგორც საქართველოსათვის, ასევე, გაეროსათვის. თათიამ ნათლად აჩვენა ამ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორც ქართველმა ახალგაზრდამ და საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა გაეროში.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციისა და ტოლერანტობის ღია მხარდაჭერა ძალადობის, შეურაცხყოფისა და მუქარის შიშის გარეშე.”

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული.

საქმე ეხება 16 ივლისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ე.წ. ქართული მარშის რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი