ახალი ამბები

150-მდე მოსამართლე შესაძლოა გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნოს უვადოდ

18 ივლისი, 2017 • 1533
150-მდე მოსამართლე შესაძლოა გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნოს უვადოდ

150-მდე მოსამართლე შესაძლოა გამოსაცდელი ვადის სრულად დასრულების გარეშე დაინიშნოს უვადოდ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში არის საუბარი.

17  ივლისის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც დარეგულირდა თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს.

რეგლამენტში ცვლილები შევიდა “სასამართლოების შესახებ” კანონში 2017 წლის 16 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რომლითაც დადგინდა თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული იმ მოსამართლის უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს.

კანონში ცვლილება კი, თავის მხრივ, დაეფუძნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას.

“დღეის მდგომარეობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით საერთო სასამართლოებში 150-მდე მოსამართლეა, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. ცვლილების შესაბამისად, მათ 2017 წლის 17 ივლისიდან მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით,”-აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი