ახალი ამბები

პრობლემები, რომლებიც ხუდონჰესის აშენებამდე უნდა მოგვარდეს

10 აპრილი, 2013 • • 1997
პრობლემები, რომლებიც ხუდონჰესის აშენებამდე უნდა მოგვარდეს

დღეს, 10აპრილს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას ხუდონჰესთან დაკავშირებით საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფისთვის მიმართა, რის შემდეგაც ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისამ(NCEA) შეისწავლა ხუდონჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, კომისიის ექსპერტებმა 3 დღის განმავლობაში მოინახულეს სამეგრელო–სვანეთში ის ადგილები, რომელსაც კონკრეტულად შეეხება ჰესის მშენებლობა, შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს და ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადეს რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის.

 

მთავარი პრობლემად ნიდერლანდელი ექსპერტების მიერ დასახელდა სახელმწიფოში ენერგოპოლიტიკის, ასევე, ენგურის აუზში წყლის რესურსების მართვის გეგმის არარსებობა. სპეციალისტებმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით დააჯგუფეს და გამოკვეთეს ძირითადი მიმართულებები.

 

მაგალითად, ერთ–ერთ მნიშვნელოვნად დასახელდა სვანეთში გზის პრობლემა – გზა არის ვიწრო, ერთადერთი და მცირე ავარიის შემთხვევაშიც კი მთელი სვანეთი, ასევე, ჰესის სამშენებლო სამუშაოები აღმოჩნდება მოწყვეტილი გარესამყაროსგან. ხუდონჰესის აშენების შედეგად იტბორება 500 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, რაც მოიცავს როგორც დასახლებულ ტერიტორიებს, ისე ტყეს. ექსპერტების თქმით, მდინარე ენგურში რომ შენარჩუნდეს თევზის მარაგი, ჰესთან მათ უნდა გაუკეთდს ალტერნატიული გასასვლელი, თუმცა მსგავსი გასასვლელი აუცილებლად უნდა იყოს ენგურჰესზეც.

 

ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის შეფასებით, ხუდონჰესი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო 100 წლის განმავლობაში 5–7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრებია დაფიქსირებული. თავად ჰესი კი რიხტერის შკალით 9–ბალიან მიწისძვრას გაუძლებს.

 

სპეციალისტების თქმით, ენგურის აუზში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ეროზია და მდინარეში ჩამავალი ნაშალი მასალა. კერძოდ, გზის მშენებლობისას გამოთავისუფლებული ნაშალი მასალა მდინარეში იყრება, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ხუდონჰესის რეზერვუარი ნაშალი მასალით მალე გაივსოს და 25 წლის შემდეგ გაუვიდეს ექსპლუატაციის ვადა. ამჟამად ვარაუდობენ, რომ ხუდონჰესის ექსპლუატაციის ვადა 80 წელზე მეტი იქნება.

 

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც ხუდონჰესის დატბორვის ზონაში სახლობენ, არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა სახით მოხდება მათთვის კომპენსაციის მიღება, სად მოუწევთ გადასახლება და ა.შ. ინფრომაციის ნაკლებობის გამო კი მათ უნდობლობა აქვთ ხელისუფლებისა და ინვესტორისადმი. გარდა ამისა, უნდა მოხდეს იმ მოსახლეობის კომპენსირებაც, რომლებიც ჰესის აშენების გამო არაპირდაპირ დაზარალდებიან, შეცვლილი კლიმატური პირობების გამო გაუუარესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.

 

ნიდერლანდელი სპეციალისტები თავინთ რეკომენდაციებს უფრო დეტალურად უახლოეს პერიოდში მოამზადებენ და გადასცემენ ქართულ მხარეს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი