ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსული მხარე სომხეთს რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას სთავაზობს

17 ივლისი, 2017 • 7538
რუსული მხარე სომხეთს რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას სთავაზობს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სომხეთის ხელისუფლებას სომხეთში რუსული ენის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა. შეთავაზების მიზეზად კი სომხური მართვის მოწმობის რუსეთის ტერიტორიაზე აღიარება დაასახელა.

2017 წლის 1 ივნისიდან, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მართვის მოწმობით რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა აიკრძალა. ამასთან, 14 ივლისს სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის [მათ შორის ყირგიზეთი], სადაც რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, რუსეთის ტერიტორიაზე მძღოლად მუშაობა ლეგალურად შეუძლიათ.

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე სომხეთის მართვის მოწმობის აღიარების საკითხს, დუმის სპიკერთან შეხვედრის დროს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა წამოჭრა. ბაბლოიანის თქმით, რუსეთში ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც მძღოლებად მუშაობდნენ, სამსახურები დაკარგეს.

“მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, მიანიჭეთ რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი და კანონის აღნიშნული ნორმა ავტომატურად სომხეთის რესპუბლიკაზეც გავრცელდება”, – უპასუხა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ კოლეგას სომხეთიდან.

დღესვე, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით,”რუსული ენა სომხეთის ყველა სკოლაში ისწავლება, შესაბამისად, რუსული ენის ცოდნა სავსებით საკმარისია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს მომავალში განიხილავენ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი