ახალი ამბები

პრემიერი: 26 მაისს სამხედრო აღლუმისგან, ალბათ, თავს შევიკავებთ

10 აპრილი, 2013 • 1224
პრემიერი: 26 მაისს სამხედრო აღლუმისგან, ალბათ, თავს შევიკავებთ

“სამხედრო აღლუმისგან, ალბათ, თავს შევიკავებთ, არ ვიცი, კიდევ როგორ გადაწყვეტენ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომ სამხედრო ძალა ვაჩვენოთ”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციულად საქართველოში სამხედრო აღლუმი იმართება, რომელსაც ქვეყნის მთავარსადალი იბარებს, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს პრეზიდენტი.

 

რედაქტორებთან დღევანდელი შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა 26 მაისს საზეიმო ღონისძიების მონაწილე მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, 26 მაისის ღონისძიებების დეტალები ჯერ შეთანხმებული არ არის და ზეგ მთავრობა ამ თემაზე ითათბირებს:

 

“ჩემი პირადი სურვილი იყო, არ ვიცი, რამდენად გაითვალისწინებენ და მოგახსენებთ, ზოგადადაც, ზეგ მაქვს თათბირი და მოვასწრებ მაინც… არა მაქვს პოლიტიკა, არ მაქვს დიპლომატია, რასაც მინდა ყველაფერზე ვსაუბრობ და გაგებით მოეკიდეთ თქვენც… ჩემი სურვილი იყო, რომ რეგიონებში მაქსიმალურად გაგვეტანა ეს დღეასასწაული… მე მიდოდა ეს დღესასწაული ყოფილიყო საქართველოს და არა მარტო თბილისის… იქნებოდა კარგი, თუ რაც გვყავს გასართობი ჯგუფები – მსახიობები, მომღერლები, გავანაწილებთ რეგიონებში და რამდენიმე ადგილზე მოხდება ამის ორგანიზება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

მისი თქმით, აღლუმის და სამხედრო ძალის დემოსტრირების საჭიროება არ არსებობს:

 

“ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კომპაქტური სამხედრო შემადგენლობა, ძალიან ეფექტური და საუბედუროდ, ძალიან ცუდად გამოიყენეს ეს აგვისტოში, მაგრამ ხმები, რაც გამოვიდა, იქ ჩანდა, რომ მაგარი მომზადებულები იყვნენ, მაგრამ სამხედრო ძალის ჩვენება, რომ საქართველო იქ რაღაც… ხო, რა ვიცი, მე მგონი, რომ ამის საჭიროება არაა, მაგრამ მე არ მინდა პირადად ეს გადავწყვიტო”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 26 მაისს შთამბეჭდავი სანახაობა იგეგმება:

 

“ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი დღე, რა თქმა უნდა, სამხედრო კომპონენტიც იქნება ჩართული,” – განაცხადა ალასანიამ.

 

შარშან 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი