ახალი ამბები

პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეს იძიებს

10 აპრილი, 2013 • 1703
პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეს იძიებს

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2012 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს 2012 წლის დეკემბერში გადაეცა.

 

“იმის დასადგენად, რომ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ სახელით განხორციელებული სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობისას მასში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოყენებას და მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს, კომპანია „დექსუსიდან“ ამოღებულ იქნა „ცენტრ პოინტ ჯგუფში“ შემავალი ბინათმშენებლობის ამხანაგობების,  შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. 2013 წლის 25 იანვარს ამოღებულ დოკუმენტებზე დაინიშნა რევიზია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

 

პროკურატურის ცნობით, ამჟამად დასრულებულია ერთ-ერთი კომპანიის, ს.ს. „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს“ შემოწმება:

 

“მითითებულმა „სააგენტომ“, ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის დაკვეთით, განახორციელა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ფინანსირება გოთუას ქუჩაზე (სააკაძის მოედანთან, ქ. თბილისის მერიის მიმდებარედ). რევიზიის მიმდინარეობის პროცესში შემმოწმებლების მიერ გამოვლენილ იქნა დაახლოებით 20-მდე ფაქტი აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან  დაკავშირებით.

 

მიმდინარეობს რევიზიის პროცესში გამოვლენილი ფაქტების შესწავლა, რის შემდეგაც გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც არამიზნობრივად გატანილი აქვთ დიდი ოდენობით თანხები”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ამ ეტაპისათვის მოწმის სახით დაკითხულია 24 პირი, მათ შორის, დაზარალებული მენაშენეები და ს.ს. „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს“ ხელმძღვანელი პირები. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ რევიზიის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

 

პარალელურად სარევიზიო  ჯგუფის მხრიდან გრძელდება  „ცენტრ პოინტ ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი