საქართველოს ბანკი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულებს მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ საქართველოს ბანკში გამართულ მიღებაზე რვა ქართველ სტუდენტს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს. სტუდენტები წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შემოდგომაზე აშშ-ში გაემგზავრებიან. მიღებას ასევე ესწრებიდნენ ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეები, ვინც თავიანთი გამოცდილება გამარჯვებულებს გაუზიარეს.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. 2014 წლიდან დღემდე ამ პროგრამით 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი. სწორედ ამ კომპანიების დაფინანსებით წელს დამატებით კიდევ 2 სტუდენტი გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. აღნიშნულ პროგრამასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ამ დრომდე 4-მა ახალგზარდამ მიიღო განათლება აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც ბიზნესის ადმინიტრირების ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.

2016 წლის ივლისში, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი