ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილმა საიას გამგეობა დატოვა

10 აპრილი, 2013 • 2161
თამარ ჩუგოშვილმა საიას გამგეობა დატოვა

საიას ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რადგან არ სურდა, რომ მისი ამჟამინდელი თანამდებობის გამო ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით რაიმე სახის კითხვები გაჩენილიყო.


“მე წამოვედი. ამის მიზეზია ჩემი ახალი მანდატი და ვინაიდან მთავრობის, სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, არ მინდა, რომ ამის გამო რაიმე კითხვები გაჩნდეს საიას მიმართ”, – განაცხადა მან.


თამარ ჩუგოშვილი და ბიძინა ივანიშვილი
თამარ ჩუგოშვილი და ბიძინა ივანიშვილი

“ნეტგაზეთმა” ჩუგოშვილს ბათუმში საიას თანამშრომლებსა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას  შორის ცოტა ხნის წინ  მომხდარი ინციდენტის კომენტირებაც სთხოვა.


“კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. მე არ მეხება არანაირად, ჩემს მანდატში არ შედის”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი ამ საკითხს უფლებადამცველის პოზიციიდან ვეღარ შეაფასებს.


საიას ოფიციალურ ვებ-გვერდსა და საჯარო რეესტრში ჩუგოშვილი კვლავ ორგანიზაციის გამგეობის წევრადაა მოხსენიებული. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ბათუმში მოხდა და რომლის შესახებც ჩუგოშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, შეგახსენებთ, რომ საიას თანამშრომლებმა თელია შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი