ახალი ამბებისამართალი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

17 ივლისი, 2017 • 6300
ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თორნიკე კაჭარავა, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, დღეს, 17 ივლისს, წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მიხეილ თათარაშვილი, რომელიც ასევე ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, სასამართლომ 7 ივლისს უდანაშაულოდ ცნო.

კაჭარავას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა იხილავს.

“უნდა შეიცვალოს არა მარტო ნარკოპოლიტიკა, არამედ თვითონ პოლიციის რეპრესიული მანქანა. უნდა დაინგრეს ეს სისტემა. მე ვთვლი, რომ აუცილებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ვინც ნარკოპოლიტიკის გამო არ სხედან მარტო, სხედან იარაღის გამო და ციხე სავსეა ასეთი ადამიანებით. ასე რომ, უნდა შეიცვალოს თვითონ ეს მანქანა. წინა ხელისუფლება სწორედ ამის გამო შევცვალეთ და, დარწმუნებუული ვარ, ახალი ხელისყფლება მიხვდება თავის შეცდომებს,”- განაცხადა თორნიკე კაჭარავამ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.

ანა მარგველაშვილის თქმით კი, დარწმუნებულია, რომ კაჭარავასაც გაამართლებენ:

“მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ობიექტურად იმსჯელა და გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, მასაც გაამართლებენ. მიხარია, რომ ეს უდანაშაულო ხალხი უსამართლოდ არ დაისაჯა. ფაქტი არის, რომ დანაშული იყო მათი მხრიდან და ეს დანაშული დადასტურდა, ჩვენი უდანაშაულობაც დადგინდა და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ობიექტური იყოს და მიხარია, რომ ასეც არის,” – განაცხადა ანა მარგველაშვილმა ჟურალისტებთან საუბრისას.

ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი მეგობრები პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და ამის გამო ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი