ევროსასამართლო: საქართველომ მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ვერ შექმნა

ადამიანის უფლებებათა ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო საქართველოს პასუხისმგებლობა დაადგინა და თითოეული მომჩივნის, ოთარ გურეშიძისა და ლიანა ალავიძის სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 4500 ევროს გადახდა დაეკისრა.

2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა.

საჩივარში საია და EHRAC დავობდნენ, რომ თბილისის ცენტრში, მომჩივანთა საცხოვრებელი კორპუსიდან ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. თბოელექტროსადგურმა ფუნქციონირება 1939 წელს დაიწყო და 2001 წელს მუშაობა ნაწილობრივ შეწყვიტა. მომჩივანთა განცხადებით, სადგურის დინამომეტრი იწვევდა ხმაურს, ტერიტორიაზე გამოიყოფოდა კვამლი და ორთქლი.

ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეროვნული სასამართლოების წინაშე დაადასტურეს, რომ შენობის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა, თბოელექტროსადგურის მიერ გარემოს დაბინძურებით ყოფილიყო გამოწვეული, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს, რომ მომჩივნების ჯანმრთელობას გარემოს დაბინძურების შედეგად ზიანი მიადგა.

“მომჩივნების მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკისრეს ქარხანას ზიანის შესამცირებლად კონკრეტული ზომების მიღება. ამგვარი ზომები შეიძლებოდა ყოფილიყო თბოსადგურის დავალდებულება, ღუმელებზე დაემონტაჟებინა სპეციალური ფილტრები, ან დაევალებინა ზიანის გამომწვევი ქმედებების საცხოვრებლისგან მოშორებით განხორციელება,” – აცხადებენ საიაში.

საიას ინფორმაციით, 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტები და დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი).

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი კრძალავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უფლების თვითნებურ შეზღუდვას, არამედ აწესებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბალანსი თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების, საზოგადოებრივ საჭიროებასა და მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოსა და დაზარალებულების დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმის ხარვეზიანობაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი