ახალი ამბები

საია: შესაძლო მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მიმართავს თუ არა ადრესატი შსს-ს

17 ივლისი, 2017 • 11732
საია: შესაძლო მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მიმართავს თუ არა ადრესატი შსს-ს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ “ქართული მარშის” ორგანიზატორების ნაწილის მხრიდან ქალის მიმართ გაუპატიურების შესაძლო მუქარის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც ნეტაგზეთს საიას წარმომადგენელმა თამარ დეკანოსიძემ განუცხადა, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მუქარის ადრესატი პოლიციას არ მიმართავს.

“ჩვენ მიგვაჩია, რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან მასში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. სექსუალური ხასიათის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსში სრულყოფილად გაწერილი არ არის. მაგალითად, გაუპატიურების მუქარა  ცალკე დანაშაულად გამოყოფილი არ არის, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს მუქარის ზოგად მუხლში შეგვიძლია გავიყვანოთ. ამ მუხლის თანახმად, დანაშაული სახეზეა მაშინ, თუ არსებობს  სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა. გაუპატიურება და მათ შორის ჯგუფური გაუპატიურება  მინიმუმ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს შეიცავს. ამიტომ ამ მუხლის ფარგლებში, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ დეკანოსიძე.

“ქართული მარშის” ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები მათ არ გაუკეთებიათ და ფეისბუკზე გავრცელებული მათი მიმოწერის ამსახველი ფოტოები ყალბია, თუმცა იმას, რომ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები ნამდვილად ამ ფეისბუკ-ანგარიშებიდან დაწერეს, არაერთი ადამიანი ადასტურებს, მათ შორის ნეტგაზეთის რეპორტიორი, რომელმაც ზემოხსენებული მიმოწერა საკუთარი თვალით ნახა და ფოტოც გადაუღო:

20106559_1542598775814980_464752456752499989_n

“გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუქარა ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ ქალის მონაწილეობა ჩაახშონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შესაბამისად, დანაშაული შეიძლება დისკრიმინაციის ნიშნებსაც შეიცავდეს, რაც მუქარის დანაშაულს ამძიმებს”, – ამბობს დეკანოსიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პოლიციას ის ადამიანი მიმართავს, ვინც თვლის, რომ მას დაემუქრნენ. საიას იურისტი ამბობს, რომ ეს კანონის დარღვევაა.

“ეს არის კანონის დარღვევა, რადგან გამოძიება უნდა დაიწყოს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. საგამოძიებო უწყებამ ასეთი ინფორმაცია შესაძლოა ნებისმიერი წყაროდან მიიღოს, მათ შორის, სოციალური ქსელებისან, მედიიდან და ა.შ. გამოძიების დაყწება მსხვერპლის შეტყობინებაზე დამოკიდებული არ არის. გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად და მოწმოს სახით უნდა იყოს გამოკითხული [მუქარის ადრესატი]. ამ გამოკითხვის ფაგრლებში გამოარკვევს პოლიცია იმას, რამდენად სერიოზულად აღიქვა ადრესატმა მუქარა”, – აცხადებს საიას იურისტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი