ახალი ამბები

“ქართული მარშის” წევრების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

17 ივლისი, 2017 • 5396
“ქართული მარშის” წევრების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

დღეს, 17 ივლისს, “ქალთა მოძრაობამ”, ასევე “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, მოითხოვეს სახელმწიფოს რეაგირება “ქართული მარშის” ორგანიზატორების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე.

საქმე ეხება 16 ივლისს ფეისბუკზე ერთ-ერთი ქალის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც “ქართული მარშის” რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

“აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის- კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, ის “შეამკეს” დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარებით და ეს “დისკუსია” დააგვირგვინეს მის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარით

ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს – არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ.

ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ – რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს,”- აცხადებს “ქალთა მოძრაობა”.

გავრცელებული განცხადებით “ქალთა მოძრაობა” მოითხოვს:

[checklist]

  • მედიასაშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე” ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები;
  • მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;
  • მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.

[/checklist]

ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართა “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, ამ ჯგფების მიმართ ხელისუფლება უმოქმედოა და საკუთარ მოქალაქეებს არ იცავს:

“ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ ამ მოქმედებას გაეცეს სათანადო პასუხი საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომ არ დავტოვოთ პასუხის გარეშე ქვეყნისთვის საშიში ასეთი მოვლენა, იმიტომ, რომ ასე ჩნდება, ჩვენ როგორი სახელმწიფო გვაქვს – სახელმწიფო, რომლისთვისაც ფასეულია თავისუფლება, თუ სახელმწიფო, რომელიც იქნება მოძალადეთა და ფაშისტების სახელმწიფო,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი