ახალი ამბები

რებეკა ჰარმსი: საქართველომ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ჩაბუქის თურქეთში ექტრადირებაზე

16 ივლისი, 2017 • 5569
რებეკა ჰარმსი: საქართველომ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ჩაბუქის თურქეთში ექტრადირებაზე

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი ციხეში მოინახულა, ხოლო მის დაკავებასთან და თურქეთში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ჰარმსის განცხადებით, ჩაბუქმა აუცილებლად უნდა მიიღოს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი, რადგან მასწავლებლობა გიულენთან დაკავშირებულ სკოლებში კრიმინალი არ არის.

რებეკა ჰარმსმა, რომელიც ევრონესტის თანათავმჯდომარეა, მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას, რადგან მუსტაფა ემრე ჩაბუქმა უთხრა, რომ ქართულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას ძალიან კარგად ეპყრობიან.

“ვფიქრობ, არავინ უნდა იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში. თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. თურქეთშიც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: სულ არ არის კრიმინალი, იყო ჟურნალისტი; სულ არ არის კრიმინალი, იყო ოპოზიციონერი დეპუტატი; ასევე, არ არის კრიმინალი, იყო მასწავლებელი საქართველოში. ვცდილობ, დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არაა დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, როგორც ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა კი აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან,” – განაცხადა სკოლა-ლიცეუმ “სხივში” გამართულ პრესკონფერენციაზე რებეკა ჰარმსმა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩაბუქი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს დღეს სტატუსზე უარი უთხრეს.

სამინისტროს უარისა და განცხადების გამო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 12 ივლისს ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა შესაძლო ექსტრადაციის შეჩერება მოითხოვეს. თბილისში ჩაბუქისა და მისი ოჯახისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ივნისშიც გაიმართა აქცია.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია პოზოვმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი