ახალი ამბები

მუხთარლის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს – ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი

16 ივლისი, 2017 • 2866
მუხთარლის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს – ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი

ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის განცხადებით, თბილისში გაუჩინარებულ და ბაქოს ციხეში დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და მის ცოლს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ამ საქმეზე სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება.

თბილისში ვიზიტის დროს რებეკა ჰარმსი აფგან მუხთარლის ცოლს ლეილა მუსტაფაევას, მის ადვოკატსა და მეგობრებს შეხვდა. ევროპარლამენტარის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ყველასთან მოახდენს რეაგირებას, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალება:

“ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ევროპარლამენტში. აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალება. ვფიქრობ, აფგან მუხთარლის და მის ცოლს აუცილებლად უნდა მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. ჩვენ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი და გავაგრძელოთ ბრძოლა აფგან მუხთარლის გათავისუფლებისთვის. მისი მდგომარეობა აზერბაიჯანის საპყრობილეში გაცილებით მძიმეა, ვიდრე მუსტაფა ემრე ჩაბუქის – საქართველოში. ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართავ აზერბაიჯანის მთავრობასაც.”

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი