ახალი ამბები

რა ვიცით თეთრუაშვილის და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკითხვის შესახებ

15 ივლისი, 2017 • 3806
რა ვიცით თეთრუაშვილის და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკითხვის შესახებ

14 ივლისს “ციანიდის საქმეზე”  პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვლი და მაღალი იერარქიის სასულიერი პირები დაიკითხნენ, მათ შორის, ეპისკოპოსები: იაკობი, თეოდორე და ანდრა, ასევე, მამა მიქაელ ბიტკოველი, მამა დავით ჭინჭარაული და საპარტიარქოს თანამშრომლები.

მედიისთვის სასამართლო პროცესები დახურულია. შესაბამისად, ჟურნალისტები პროცესის მიმდინარეობის შესახებ დაკითხვიდან გამოსულ მხარეებს, ასევე მოწმეებს ეკითხებოდნენ.

“ციანიდის საქმეში” პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილმა შორენა თეთრუაშვლმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შენობა ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, თუ რა ჩვენება მისცა სასამართლოს შორენა თეთრუაშვლმა, ამის შესახებ მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არსებობს.

მიირთმევს ტკბილეულსა და შაქარს შორენა თეთრუაშვილი?

პროკურატურის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხისას თეთრუაშვილმა თქვა, რომ მაქსიმალურად ერიდება ტკბილის მიღებას, ხოლო დაცვის მხარე ამბობს, რომ პირიქით, შორენა თეთრუაშვილის თქმით, იგი იღებს ტკბილეულს, როგორც ყველა სხვა ადამიანი.

იღებს თუ არა თეთრუაშვილი ტკბილეულს – ეს კითხვა აქტუალური გახდა პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ. ამ ვიდეოს თანახმად, მამალაძე ამბობს, რომ ვისთვისაც ციანიდი უნდა, ის შაქარს არ ჭამდა. ამ მონაკვეთს ვიდეოში წინ უსწრებს საუბარი იმის შესახებ, რომ შაქარი ციანიდს ანეიტრალებს.

კადრო პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

კადრო პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

“ქალბატონმა შორენამ ძალიან უტყუარად და დადასტურებულად ბრაძანა, რომ ის იღებს ტკილეულობას, როგორც ჩვეულებრვი ადამიანი,”- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, თეთრუაშვილის პასუხი ადასტურებს იმას, რომ გავრცელებულ ვიდეოში გასული ფრაზები შაქართან დაკავშირებით არ მიემართებოდა თეთრუაშვილს.

საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, როგორც თეთრუაშვილ, ასევე საპატრიარქოს სხვა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ თეთრუაშვილი ტკბილეულის მიღებას ერიდება და ეს ადასტურებს, რომ ციანიდი მართლაც თეთრუაშვილის მოსაკლავად იყო განკუთვნილი:

“არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი, არამედ დაიკითხა საპარტიარქოს სხვა თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შორენა თეთრუაშვილი მაქსიმალურად ერიდება ტკბილის მიღებას… კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დაზარალებული, ვის მოკვლასაც ბრალდებული აპირებდა, არის შორენა თეთრუაშვილი,”- ამბობს პროკურორი ზვიად გუბელაძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მოტივი თეთრუაშვილის წინააღმდეგ

განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც ბრალდებას, ასევე დაცვის მხარეს გიორგი მამალაძის მოტივთან დაკავშირებით. პროკურატურა აცხადებს, რომ მამალაძე თეთრუაშვილს თავისი კარიერისთვის ხელისშემშლელ პირად მიიჩნევდა, ადვოკატები კი ყვებიან, რომ ეს თეთრუაშვილს დაკითხვაზე არ დაუდასტურებია:

“თეთრუაშვილმა [მამალაძეს] ჰკითხა, თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო. ამას მოჰყვა მისი გაღიზიანება. ასევე ისაუბრა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძეს მიეცა უფლება, ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისთვის, ხოლო კანონით ასეთი პირია მხოლოდ ქორეპისკოპოსი და პატრიარქის მდივანი, ერთ-ერთი პირი, ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანამდებობა მამალაძეს არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი. ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი კარიერული წინსვლისთვის ხელის შემშლელი პირი,”- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა დაკითხვაზე უარყო, რომ შეეძლო რაიმეთი ხელი შეეშალა გიორგი მამალაძის კარიერული წინსვლისთვის:

“მისი განცხადებით, მისი სტატუსისა და მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო, რადგან ის ვერ წარმოადგენდა ვერანაირ ბარიერს ნებისმიერი სასულიერო პირის წინსვლაში ხელის შესალელად,”-განაცხადა მიხეილ რემიშვილმა.

დვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით კი, თეთრუაშვილმა მოტივზე საერთოდ არ საუბრობდა:

“მას კონკრეტული კითხვა დავუსვით: ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია. შემდეგი კითხვა დავუსვით: ჰქონდა თუა არა რაიმე საბაბი საერთოდ, რის გამოც შეიძლება მოეკალით გიორგი მამალაძეს. მან თქვა, რომ ჩემთვის ასეთი საბაბი ცნობილი არ არის,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ.

პროკურორი: მამალაძე სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის რესტავრაცის 2 მილიონის მითვისებას ცდილობდა

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, მოწმეებმა განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძე სამების ტაძრის რესტავრაციისთვის განკუთვნილი 2 მილიონის მითვისებას ცდილობდა:

“განმარტეს, რომ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდგომი რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხების, 2 მილიონი ლარის მითივისებას ცდილობდა გიორგი მამალაძე მის თანამზრახველებთან ერთად, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გიორგი მამალაძის პიროვნულ მახასიათებლებს და მის ანგარებით ხასიათს,”- აცხადებს ზვიად გუბელაძე.

მოგვიანებით პროკურორის განცხადებას ნეტგაზეთთან საუბრისას გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. იგი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამ საკითხთან შეხება საერთოდ არ ჰქონია:

“ეს არის აბსურდი. მამა გიორგის არანაირი შეხება არ ჰქონდა არც იმ კომპანიასთან, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინა, არც ფულის გადმორიცხვასთან დაკავშირებით ჰქონია შეხება. ეს რომ არ არის ბუნებრივად, შემთხვევით მიმხდარი ხანძარი, თვითონ სამების არქიმანდრიტიც კი ადასტურებს. ეს იყო მიზანმიმართული, რადგან გარკვეული რაოდენობის ოქრო არის დაკარგული. მამა გიორგის იმიტომ აბრალებენ ამას, რომ 50 მილიონზე არაფერი გამოუვიდათ. ახლა ცდილობენ ანგარება 2 მილიონში იპოვონ. მეტი არაფერი,”- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი: პროკურატურას მოწმეებთან წინასწარი კონსულტაცია აქვს

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურას მოწმეებთან კონსულტაცია აქვს და ამის მიუხედავად, მოწმეები მაინც ვერაფერს ადასტურებენ:

“დაიკითხნენ საპატრიარქოს თანმშრომლები, რომლებიც, შემოდიოდნენ იმ პათოსით, რომ მაგალითად, რა იდელური ქალბატონია შორენა თეთრუაშვილი, მაგრამ მერე რომ ვეკითხებოდით, თუ რატომ არის ასეთი ქალბატონი, მერე “იჭედებოდნენ”, ასე ვთქვათ, და ის დარიგებული პათოსი აღარ მიჰყვებოდათ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა დიდ რაოდენობასთან პროკრატურას აქვს წინასწარი კონსულტაცია, ისინი ვერ ადასტურებენ ვერაფერს,”- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დოკუმენტი, რომელსაც ხელს შორენა თეთრუაშვილი აწერს

დეკანოზის ადვოკატებმა, მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ განაცხადეს, რომ საქმეში დევს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს თეთრუაშვილი, თუმცა თანამდებობრივად, მასზე ხელი მიქაელ ბოტკიველს უნდა მოეწერა. ადვოკატების თქმით, ბოტკიველმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ამ ხელმოწერის შესახებ არაფერი იცოდა.

 

“საქმეში დევს მამა მიქაელ ბოტკოველის ხელმოსაწერი დოკუმენტები. ერთზე არის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერა, ხოლო იგმავე ბლანკზე არის ქალბატონი შორენას ხელმოწერა. ზუსტად მაგაზე იყო შემდეგი პასუხი, რომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეულ ცნობებზე, რომელიც მხოლოდ ბოტკოველთან უნდა იყოს შეთანხმებული, აქვს უფლება ქალბატონ შორენას ხელის მოწერის, ხოლო ამ წერილზე და ამ სამთავრობო გამოძიებაზე გადასაცემ წერილზე მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ მოაწერა შორენა თეთრუაშვილმა ხელი. ბოტკოველმა ბრძანა, რომ ეს მისთვის არის უცხო და ამას გაარკვევს საპატრიარქოში, რატომ იქნა ამ საბუთზე შორენა თეთრუაშვილის ხელის მოწერა,”- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ კი განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე ხელი შორენა თეთრუაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოაწერა. მისივე თქმით, ეს დოკუმეტში საპატრიარქოში სხვადასხვა პირების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებას ეხება:

“არის ერთადერთი დოკუმენტი, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა შორენა თეთრუაშვილმა, რომ მან მოაწერა ხელი, ყოფილა მსგავსი პრაქტიკა აქამდეც და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მას აქვს უფლება, მოაწეროს სხვა მდივნის ნაცვლადაც ხელი. ეს არის მისი ხელმოწერა. არ იქნეს ისე აღქმული, თითქოს შორენა თეთრუაშვილმა სხვის ნაცვლად მოაწერა ხელი. მას აქვს თავისი სახელით ჩვეულებრივად ხელი მოწერილი. მან გამოაგზავნა წერილი მისი, გიორგი მამალაძის, მიქაელ ბოტკოველის და სხვა პირთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებთან დკავშირებით, სხვა რაიმე დოკუმენტი შორენა თეთრუაშვილის სახელით არ არის საქმეში,”- ამბობს ზვიად გუბელაძე ამ საკითხთან დაკავშირებით.

რას ამბობდნენ დაკითხვიდან გამოსული მოწმეები?

უშუალოდ დაკითხვის შინაარსთან დაკავშირებით მოწმეებს არ უსაუბრიათ. ისინი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

მაგალითად, დაკითხვის შემდეგ ქორეპოსკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ “ყველაფერი დამშვიდდება, სიმართლე გაირკვევა”.

ხოლო შეკითხვაზე, მისი შეფასებით, არის თუ არა დეკანოზი დამნაშავე, იგი პასუხობს:

“არ ვაფასებ, არ ვიცი… ეგ მამალაძეს ჰკითხეთ”.

მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მამა მიქაელ ბოტკოველიც:

“აუცილებლობიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ შეკითხვები, რაზეც, ჩემი აზრით, გავეცი არგუმენტირებული პასუხები. რა თქმა უნდა, შედეგზე იმსჯელებს სასამართლო… მე სამსახურებრივ შემხებლობაში ვიყავი იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც განიხილება, ვგულისხმობ ქონებრივ  საკითხებს. და აქედან გამომდინარე, მე, როგორც კათოლოკოს-პატრიარქის მდივანს, დამისვა გამოძიებამ შეკითხვები. მე  წინა ეტაპზეც გავეცი პასუხები, პროკურატურას მივეცი ჩვენება,” – განაცხადა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მიქაელ ბოტკოველმა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი