GNCC-იმ არ დააკმაყოფილა თდრ-ის საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძისა და თამარ კეკენაძის საჩივრი არ დააკმაყოფილა. “თავისუფალმა დემოკრატებისა” და “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლები კომისიაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი არხის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით ვიდეოს განთავსებას ასაჩივრებდნენ.

ვიდეორგოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პარლამენტის აპარატის მოთხოვნის საფუძველზე იყო განთავსებული. საჩივრის ავტორების აზრით, ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, ვიანიდან რეკლამით ხდებოდა მმართველი პოლიტიკური გუნდის იდეების გახმიანება და ამასთან, რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთებოდა არც საქველმოქმედო და არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი.

კომისიის ინფორმაციით, საჩივრის განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი რგოლის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი არ წარმოადგენდა არც კომერციულ და არც წინასაარჩევნო რეკლამას. ამასთან, ვიდეორგოლი სრულად აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ სოციალური რეკლამის დეფინიციას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

“ასევე, საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიდნენ სარეკლამო რგოლში გაჟღერებული ინფორმაციის უტყუარობას, კომისიამ მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით დამატებით განმარტა, რომ მაუწყებელი სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხს არ აგებს.
კომისიამ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა,” – ნათქვამია კომისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საჩივარი კომისიაში 19 ივნისს შევიდა. “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები” მიიჩნევდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის “მაუწყებლობის შესახებ” მე-2 მუხლის ჰ7-ე პუნქტით სოციალური რეკლამის განმარტებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი