ახალი ამბები

რა თქვა თეთრუაშვილმა დაკითხვაზე? – პროკურორის და ადვოკატის ვერსიები

14 ივლისი, 2017 • 2707
რა თქვა თეთრუაშვილმა დაკითხვაზე? – პროკურორის და ადვოკატის ვერსიები

“ციანიდის საქმეზე” პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა და პროკურორმა დაკითხვის შინაარსის შესახებ განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.

“დაზარალებულ შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს. ჩვენებით დადასტურდა, რომ მას არასდროს არ მოუთხოვია დაზარალებულისთვის გველის შხამი, მით უმეტეს, 500 დოლარი გველის შხამის შესაძენად არასდროს მიუცია. თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არ მოუთხოვია არასდროს კალიუმის ციანიდი და არც ნატრიუმის ციანიდი, არ სჭირდებოდა ეს ნივთირება არც ოქრომჭედლისთვის და, მით უმეტეს, არც თავის მოსაკლავად. გარდა ამისა, თეთრუაშვილმა ისაუბრა ცილისმწამებლურ სტატიებზე, რომლის დამკვეთიც იყო გიორგი მამალაძე და განაცხადა, რომ აღნიშნული სტატიები იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და მიზნად ისახავდა კონკრეტული სასულიერო პირების და ეკლესიის დისკრედიტაციას….შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმ დაძაბულ ურთიერთობაზე, რაც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნენის შემდეგ და ისაუბრა, თუ როგორ გაღიზიანდა და როგორ საყვედურობდა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილს.

კერძოდ, თეთრუაშვილმა მას ჰკითხა, თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო. ამას მოჰყვა მისი გაღიზიანება. ასევე ისაუბრა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძეს მიეცა უფლება, ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისთვის, ხოლო კანონით ასეთი პირია მხოლოდ ქორეპისკოპოსი და პატრიარქის მდივანი, ერთ-ერთი პირი, ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანამდებობა მამალაძეს არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი. ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი კარიერული წინსვლისთვის ხელის შემშლელი პირი,”- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ადვოკატის ვერსია სრულიად განსხვავებულია. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მამალაძე თეთრუაშვილის მკვლელობას აპირებდა.

“მას კონკრეტული კითხვა დავუსვით: ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია. შემდეგი კითხვა დავუსვით: ჰქონდა თუა არა რაიმე საბაბი საერთოდ, რის გამოც შეიძლება მოეკალით გიორგი მამალაძეს. მან თქვა, რომ ჩემთვის ასეთი საბაბი ცნობილი არ არის. ასევე ვკითხეთ, როგორ ფიქრობთ, ამზადებდა მამალაძე თქვენს მკვლელობას? მან თქვა, რომ არ ვიცი. შემდეგი კითხვა: თუ მიირთმევთ ტკბილს და შაქარს. მან თქვა სიტყვა-სიტყვით, რომ მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი. შესაბამისად, ის არავითარ შემთხვევაში, ის ამოჭრილი ფრაზები, რაც გავიდა [გავრცელებულ ვიდეოში] ტკბილთან და შაქართან დაკავშირებით, არ განეკუთვნებოდა თეთრუაშვილს…

დავუსვით კითხვა, მზადდებოდა თუ არა 100 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით სთხოვა თუ არა გიორგი მამალაძეს რაიმე. ალბათ იცით, რომ გიორგი მამალაძემ თქვა, რომ მან სთხოვა როგორც ციანიდი, ასევე ხელნაწერების ჩამოტანა უკრაინიდან. მან თქვა, რომ დიახ, უკრაინიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით მან სთხოვა, ხოლო ციანიდთან დაკავშირებით არ დაადასტურა,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის შეძენა მას შორენა თეთრუაშვილმა თხოვა, თუმცა, საბოლოოდ, არ შეუძენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი