ახალი ამბები

150 გრ. კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

14 ივლისი, 2017 • 8020
150 გრ. კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ 150 გრამი კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო. რაც შეეხება კანაფის მეტ რაოდენობას, 265 გრამის კულტივირებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობა კანაფის რეალიზაციის საფრთხეს შეიცავს და ის პატიმრობით უნდა ისჯებოდეს, თუმცა სასჯელის ზომა, 6-12 წლით პატიმრობა არაკოსნტიტუციურად ცნო.

2017 წლის 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების – ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკის და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 63,73 გრამი, 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავდა სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლეოდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციებით, დადგენილი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა- მიემართება როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი.  

მოპასუხე მხარის განმარტებით, მცენარე კანაფისგან შეიძლება დამზადდეს ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორებიცაა მარიხუანა, კანაფის ზეთი, კანაფის ფისი, კანაფის ნაყენი და ექსტრაქტი. პარლამენტის პოზიციით, კანაფის დათესვა და მოყვანა თავისთავად ქმნის მისი რეალიზაციის საფრთხეს. ამიტომ აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომლებიც უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული დანაშაული აღკვეთოს საწყის ეტაპზევე და მოხდეს პოტენციური გამსაღებლის საზოგადოებისგან იზოლირება, რათა დაცული იყოს სხვა პირთა ჯანმრთელობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობებიდან მომდინარე საფრთხეები. სასამართლომ დაადგინა, რომ 63,73 გრამი და 150,72 გრამი კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს, ხოლო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ  265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს. ამიტომ აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფრო მძიმე დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების შედარებითი  ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა – თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი